საშემოსავლო გადასახადი არ განახევრდება - პარლამენტის გადაწყვეტილება

საშემოსავლო გადასახადი არ განახევრდება. მოქალაქის მიერ პარლამენტში წარდგენილ ცვლილებათა პაკეტზე წამყვანმა კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე მაკა მინდიაშვილის საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც მან პარლამენტს ზაფხულში მიმართა, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობდა, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-ის ნაცვლად 10%-მდე შემცირებულიყო, ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ - ორ კვირაში ერთხელ მომხდარიყო, ყველა პროფესიის მიხედვით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესებულიყო და ა.შ.

აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე წამყვანმა - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და უარყოფილ იქნა. საკანონმდებლო წინადადების უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ კომიტეტის შეფასებით, წარმოდგენილი ნორმების დიდი ნაწილი გაუმართლებლად დიდ ვალდებულებებს აკისრებს დამსაქმებელს, რაც ზიანს მიაყენებს ბიზნესის განვითარებას, გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას და უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის დონეზე.

თაია არდოტელი