USDA-მ ნუშის ახალი ჯიში გამოიყვანა

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) აგროკულტურული კვლევის სამსახურმა (Agricultural Research Service-ARS ) ნუშის ახალი ჯიში, Yorizane გამოიყვანა. FreshPlaza-ს ცნობით, კალიფორნიის ქალაქ პარლიერში კვლევის სამსახური ამ ექსპერიმენტს ათწლეულების განმავლობაში ატარებდა.

ARS-ის მკვლევარი გენეტიკოსი, კრეიგ ლედბეტერი Yorizane-ის ნუშს საიმედო ესპანური თვითდამტვერავი ჯიშის, Tuono-სა და ყველაზე გავრცელებული Nonpareil-ის ნაზავს უწოდებს. ეს უკანასკნელი მეტად პოპულარულია მას შემდეგ, რაც 1880-იან წლებში პირველად გაჩნდა.

ლედბეტერის კვლევამ აჩვენა, რომ Yorizane-ის გულს ოდნავ მეტი მასა აქვს და Nonpareil-ისთან შედარებით, ოდნავ გრძელი და განიერია.

„Yorizane-ის ნუშის თხილს ქერქი ადვილად სცილდება და მოსავლიანობის პერიოდში, ნაყოფის, საშუალოდ, 67%-ის ქერქი იხსნება, ხოლო საველე პირობებში გამომშრალი Yorizane-ის უქერქო და დაუზიანებელი თხილის პროცენტი Nonpareil-ის რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება,“ - ამბობს კრეიგ ლედბეტერი.

სანერგე მეურნეობებმა, ბაღის გასაშენებლად, Yorizane-ის ხეების გამრავლება უკვე დაიწყეს.

„ჩვენ Yorizane-ის ღეროების მიწოდება, დედა ხეების სელექციისთვის, ექვსი დაინტერესებული სანერგე მეურნეობისთვის შევძელით. ერთ-ერთმა მეურნეობამ ახალ ჯიშს უკვე უწოდა უნიკალური თავისი გასაოცარი ფერითა და წარმოუდგენელი პოტენციალით ნუშის ინდუსტრიისთვის,“ - აცხადებს კრეიგ ლედბეტერი.

ახალი ჯიში თვითდამტვერავი ნუშის მოშენების პროგრამის შედეგია, რაც ARS-ის ლაბორატორიაში 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო. პროგრამა თაფლის მომცემი ფუტკრის პოპულაციის განადგურების შიშით შეიქმნა.

Yorizane-ის ღეორების მცირე რაოდენობა, შემდგომი კვლევისა და სელექციის მიზნით, მცენარეთა სერვისების ფონდის (Foundation Plant Services) მეშვეობით არის ხელმისაწვდომი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ