მთავრობამ ლარზე კონტროლი დაკარგა

ქვეყანაში ინფლაციის ახალი ტალღაა მოსალოდნელი

ლარის კურსი 11-წლიან მინიმუმამდე დაეცა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 დოლარი 1,9845 ლარი ღირს. სპეციალისტები ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მთავარ ბანკირს ეროვნული ვალუტის დაჭერა თუ არ შეუძლია, პანიკის თავიდან ასაცილებლად განცხადება მაინც უნდა გააკეთოს. ზოგადად კი სებ-ის უუნარობა, სავალუტო ბაზარს უკვე აშკარად ეტყობა. ბოლოს ლარის ასეთი დაბალი კურსი 2004 წლის 30 აპრილს დაფიქსირდა. ქვეყანაში, სადაც ექსპორტ-იმპორტს შორის დისბალანსი 50%-ზე მეტია, კურსის ვარდნა სამომხმარებლო პროდუქტს მყისიერად აძვირებს, რაც საზოგადოებისთვის პანიკის საფუძველი ხდება. ლარის გაუფასურების გამო მედიკამენტები და სასურსათო პროდუქტი ერთხელ უკვე გაძვირდა. ცვლილება, პირველ რიგში, იმპორტულ ნაწარმს შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის უხვი მოსავლის გამო ამ პროდუქტზე დაბალი ფასი შენარჩუნდა, საქართველოში 1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ უკვე 40 ლარს მიაღწია.

სუპერმარკეტებშიც ვარაუდობენ, რომ გარკვეული პროდუქტის გაძვირება მოუწევთ. ”საახალწლოდ მაღაზია სრულად იყო მომარაგებული, ახლა მორიგი პარტიის შემოსატანად ვემზადებით. ვფიქრობთ, გარკვეული პროდუქტის გაძვირება მოგვიწევს. პირველ რიგში კი, ფასი უცხოურ ნაწარმზე მოიმატებს. ჯერჯერობით მიჭირს დაკონკრეტება, რა შეიძლება გაძვირდეს და რა- არა, გააჩნია დისტრიბუტორები რა ფასს შემოგვთავაზებენ. შევეცდებით, გაძვირება მყიდველისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. ფასის ნებისმიერ დონეზე ცვლილება უკმაყოფილებას ყოველთვის იწვევს, მაგრამ სხვა გამოსავალი არც ჩვენ გვაქვს”, - ამბობს ლია კასრაშვილი, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერი.

ეკონომისტ მიხეილ დონდუას განცხადებით, ლარის გაუფასურების პროცესში საკმაო წვლილი ეროვნულ ბანკს მიუძღვის, ვინაიდან სებმა უკანასკნელ 2 წელიწადში ეკონომიკიდან 235 მილიონი დოლარი ამოიღო. ამან კი ლარი-დოლარის ბალანსი დაარღვია. ”თუ ეკონომიკიდან დოლარს ამოვიღებთ და ლარს გავუშვებთ, ეს, ბუნებრივია, ლარის კურსზე უარყოფითად იმოქმედებს. მთავარი აქცენტი სწორედ ამ პოცესზე უნდა გავამახვილოთ. ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ იანვარში, როგორც წესი, იმპორტი იკლებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიხედვით, სავალუტო რეზერვები სამჯერ უნდა აღემატებოდეს იმპორტის მოცულობას, რაც უკვე შესრულებულია. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს თავისუფლად შეუძლია მინიმუმ 100 მილიონი დოლარი გამოიტანოს და ლარის გაუფასურებას ხელი შეუშალოს. ეს ფინანსური სისტემის მდგრადობის კუთხით არანაირ პრობლემას არ შექმნის”, - ამბობს მიხეილ დონდუა.

მისი აზრით, ლარის გაუფასურების სხვა ფაქტორებიც არსებობს. კერძოდ ის, რომ მსოფლიოში დოლარი მყარდება, თუმცა კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პროცესში გადამწყვეტი როლი მაინც ეროვნულ ბანკს აკისრია. ”ბაზარზე გამსაზღვრელი ფაქტორი ეროვნული ბანკის მოქმედებაა. დავაკვირდეთ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში მთავრობამ მიიღო 145 მილიონი დოლარის სესხი და ეროვნულმა ბანკმა ეს ფული დაარეზერვა და ეკონომიკაში არ გაუშვა. შესაბამისად, თუ ჩვენ ყველა მიღებულ სესხს საერთაშორისო სავალუტო რეზერვად ვაქცევთ და მიმოქცევაში მხოლოდ ლარს გავუშვებთ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში კურსზე უარყოფითად აისახება”, - განმარტავს დონდუა.

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. იგი აღნიშნავს, რომ სავალუტო ბაზრის კონიუნქტურას მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. ამიტომ ეს პრობლემა ორ კონტექსტში უნდა განვიხილოთ: 1. მიწოდების მხრიდან ლარის კურსზე, პირველ რიგში, საგარეო ვაჭრობა მოქმედებს (2014 წლის ბოლო კვარტალში, ექსპორტის შემცირების გამო, საგარეო ვაჭრობის დეფიციტი მნიშვნელოვნად გაუარესდა). 2. შემცირდა ფულადი გზავნილები, განსაკუთრებით რუსეთიდან. კაკულია ვარაუდობს, რომ 2014 წლის მე-4 კვარტალში უცხოური ინვესტიციებიც შემცირდა. შესაბამისად, ქვეყანაში უცხოური ფულის დეფიციტი შეიქმნა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ჩარევას, საფინანსო დარგის ექსპერტის აზრით, ეროვნულმა ბანკმა რეზერვები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დახარჯოს, თუკი ამ ინტერვენციას შედეგი მოჰყვება. ეფექტის მიღება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი არსებული დისბალანსი ფუნდამენტური ფაქტორებით არის გამოწვეული და არა ეკონომიკური პრობლემებით. ”მას შეუძლია მოკლევადიანი გადახრა დაარეგულიროს და ინტერვენციებით შეარბილოს სიტუაცია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, მასობრივი ინტერვენცია გამართლებული არ იქნება,” - ამბობს კაკულია, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი ეროვნულმა ბანკმა ”მოვლენებს გულზე ხელებდაკრეფილმა არ უნდა უყუროს”.

”სებ-ის პრეზიდენტს ძალიან მოქნილი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან. ხალხმა უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, რა პროცესები ვითარდება. როდესაც შარშან, დეკემბერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდა, მისმა განცხადებამ სავალუტო ბაზარზე პოზიტიური როლი შეასრულა”, - ამბობს მერაბ კაკულია.

ეროვნული ვალუტა უკვე ახალ ფსიქოლოგიურ ნიშნულს მიუახლოვდა. თუკი 1 დოლარის ღირებულება 2 ლარს გადასცდა, ქვეყანაში ინფლაციის ახალი ტალღაა მოსალოდნელი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”