ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ტრეფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს სექტორისთვის პრობლემაა.
„პრობლემაა, როცა მთის კურორტების განვითარების სააგენტომ, ჯერ კიდევ არ იცის, როდის გაიხსნება ზამთრის ტურისტული სეზონი. მესმის, რომ ეს ამინდზეა დამოკიდებული, მაგრამ უამრავი მილიონია დახარჯული იმაზე, რომ აეშენებინათ ხელოვნური ტბა, რომელიც სათხილამურო ტრასების ხელოვნურ გათოვლიანებას უზრუნველყოფდა. წესით, ეს ტბა დამთავრებული უნდა იყოს. შესაბამისად, როგორც კი 24 საათი დაფიქსირდება მინუს-ტემპერატურა, შეუძლიათ ჩართონ ეს ტექნიკა.
რაც შეეხება ჯავშნებს, უკვე ყველამ ვიცით, რომ ტურისტების ქცევა შეცვლილია და დაჯავშნა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე უცხოელი სტუმრების მხრიდანაც ხდება სულ ბოლო მომენტში. ინტერესი არის, მაგრამ ჯავშნები მინიმალურია“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
მისივე თქმით კოვიდ პასპორტის ამოქმედება სანახევროდ მოხდა, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან იმუშაოს.
„რა თქმა უნდა, კოვიდ პასპორტს მივესალმები და სწორი ნაბიჯია, მაგრამ ისე, როგორც ყველაფერი ესეც სანახევროდ გაკეთდა. სტუმრისთვის აუცილებელია მწვანე სტატუსი, თუმცა იგივე არ მოეთხოვებათ თანამშრომლებს, რაც სრული აბსურდია. ნახევრად ამოქმედებული კოვიდ პასპორტის ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, ისე როგორც შიდა მოხმარების და გარე მოხმარების კოვიდ პასპორტი ცალ-ცალკე.
რაც შეეხება რუსი ტურისტების სეგმენტს, რომლებიც იმ ვაქცინით არიან აცრილი, რომელსაც ჯანმო, შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა არ ცნობს, რთული საკითხია. თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ნაწილის გადაწყვეტილებაა, რომ არ ვემსახურებით რუს ტურისტებს. თუმცა ბაზრისთვის ცხადია ეს სეგმენტი პრობლემაა და პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ რუსეთში, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება ფულით (ქრთამით) ასე რომ, სპუტნიკი კი არა, ნებისმიერი ვაქცინით აცრის საბუთი არასანდოა, ისე როგორც pcr ტესტის“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.