Wikipedia-ს თანადამფუძნებელმა, ჯიმი უელსმა Christie's აუქციონზე ონლაინ ენციკლოპედიის პირველი ვერსია გაიტანა, რომელიც 2001 წელს შეიქმნა.
ვაჭრობაზე ეს ვერსია NFT ტოკენის ფორმატში იქნება წარმოდგენილი. აუქციონზე, ასევე, კომპიუტერ iMac Strawberry-ს გაიტანენ, რომელზეც Wikipedia ქსელში პირველად ჩაეშვა.
პირველი ტექსტი, რომელიც Wikipedia-ზე გამოჩნდა, იყო ფრაზა - „Hello, World.“
ჯიმი უელსმა, ასევე, შექმნა დინამიური კომპონენტი NFT-სთვის, რომელიც გვერდის შეცვლის საშუალებას იძლევა. ამასთან, მასში ჩაშენებულია ტაიმერი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გვერდს პირვანდელ მდგომარეობაში აბრუნებს.
„იდეა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ NFT დროის ამ მომენტში გქონდეთ, არამედ გქონდეთ NFT, რომელიც თავდაპირველი მომენტის ემოციურ გამოცდილებას აღადგენს. ამდენად, Wikipedia მზად არის რედაქტირებისთვის, თუ რას შექმნი მისგან, რა გახდება და იმუშავებს თუ არა?! შეიძლებს კი მართლაც შეცვალოს სამყარო?!“ - აცხადებს ონლაინ ენციკლოპედიის შემქმნელი.
ჯიმი უელსი მზად არის, ტექნიკური დახმარება გაუწიოს მყიდველს დომენური სახელის სერვისის დასაყენებლად. ის, ასევე, მზად არის მეტამონაცემები იმ შემთხვევაში განაახლოს, თუ ტოკენის მფლობელი ამ დომენის სახელზე კონტროლს ოდესმე დაკარგავს.
აუქციონი 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და უელსის სოციალურ ქსელ WT.social-ს, რომელიც ჯიმი უელსმა შემოწირულობებით 2019 წელს ჩაუშვა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ