რა ღირს covid-19-ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები და როგორ შეიცვალა მათი აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე

Pfizer, BioNTech, Moderna - ყველა ამ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი სხვა კომპანიების კაპიტალიზაცია 2021 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე მოიმატა კომპანიების აქციების ღირებულებამაც.

კორონავირუსის ახალი მუტაციების გაჩენა ვაქცინებზე მოთხოვნას უფრო აძლიერებს. ამას ლოგიკურია, რომ მწარმოებელი კომპანიების ღირებულების ზრდაც მოჰყვება. თუმცა, ახლახანს გამოჩენილმა შტამმა, “ომიკრონმა“ მთელი მსოფლიო დააფიქრა. გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, არსებულმა ვაქცინებმა “ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტურად ვერ იმუშაოს. კომპანია Novavax -მა კი უკვე დააანონსა, რომ იანვრიდან სპეციალურად “ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას ოფიციალურად დაიწყებს.

2021 წელი მთელი მსოფლიოსთვისთვის გამოწვევებით სავსე წელი იყო. ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასმა წლის დასაწყისშივე დაიწყო ზრდა, თუმცა პიკის გადავლასთან ერთად, თითქმის ყველა კომპანიაში აქციების ფასების კლება დაფიქსირდა. საინტერესოა, რა მდგომარეობაში არიან ახლა ისინი, წლის მიწურულს.

გთავაზობთ, როგორ შეიცვალა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების აქციის ფასები და კაპიტალიზაცია ერთი წლის განმავლობაში:

Pfizer

Pfizer 2020 წელს გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან გაერთიანდა, რათა COVID-19- ის წინააღმდეგ ვაქცინა შეემუშავებინათ. ეს არის პირველი ვაქცინა, რომელიც აშშ-მა ოფიციალურად აღიარა.

Pfizer საფონდო ბირჟაზე კარგად არის პოზიციონირებული ფასების სტაბილური მატებით. სავარაუდოდ, კომპანიის ფასები სულ მცირე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მომატების პერსპექტივით იქნება წარმოდგენილი.

NEW YORK STOCK EXCHANGE -ის მონაცემებით, Pfizer -ის აქციის ფასი ამჟამად 54.27 დოლარია, წლიური 31 %-იანი მატებით. როდესაც წლის დასაწყისში, იანვრის მონაცემებით, Pfizer-ის ერთი აქციის ფასი 36.87 დოლარი იყო. კომპანიის კაპიტალიზაცია 304.61 მლრდ დოლარს შეადგენს, წლის დასაწყისში კი კომპანია 205 მლრდ დოლარი ღირდა.

BioNTech

როგორც Pfizer– ის პარტნიორი, ფინანსური რესურსებით, გლობალური წარმოების შესაძლებლობებით და მარეგულირებელი გამოცდილებით კომპანია BioNTech-იც სარგებლობს.

ექსპერტების აზრით, კორონავირუსის ვაქცინა უახლოეს წლებში BioNTech– ის ზრდას ხელს შეუწყობს, ხოლო მისი შემოსავლები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხშირად გახდება საჭირო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზები. COVID-19 ვაქცინის გარდა, კომპანიის წამლის მთავარი მიღწევა არის ექსპერიმენტული mRNA თერაპია, რომელიც მელანომას და სხვა სახის სიმსივნეების წინააღმდეგ პრეპარატების შექმნას ისახავს მიზნად. BioNTech– ის წამლების პორტფოლიო ასევე მოიცავს წამლებს, რომლებიც ადრეული სტადიის სიმსივნის რამდენიმე სახეობას ანადგურებს.

NASDAQ GLOBAL SELECT-ის მიხედვით BioNTech– ის ერთი აქციის ფასი მიმდინარე დროისთვის 333.49 დოლარია, წლის დასაწყისში კი 105,85 დოლარი ღირდა. რაც შეეხება კაპიტალიზაციას, ამ დროისთვის BioNTech-ი 83,44 მლრდ დოლარი ღირს, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია 2021 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, მაშინ კომპანის საბაზრო ღირებულება 20,7 მლრდ დოლარს შეადგენდა.

Moderna

Pfizer- ს და BioNTech- ის წარმატებებს კვალდაკვალ მიჰყვა Moderna, რომელმაც მსოფლიოს COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა წარუდგინა.

ამ დროისთვის Moderna– ს ერთი აქციის ფასი 301, 49 დოლარია, წლის დასაწყისში კი 173,16 დოლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მოდერნას აქციის ფასმა პიკს 9 აგვისტოს მიაღწია და 484,9 დოლარი შეადგინა, მას შემდეგ ფასმა კლებასთან ერთად არასტაბილური რყევებიც აჩვენა.

ბოლო 8 თვეში Moderna– ს საბაზრო ღირებულება 124,36 მლრდ დოლარია.

Johnson & Johnson

Johnson & Johnson COVID-19 ვაქცინა არის მესამე ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია შეერთებულ შტატებში. Pfizer-BioNTech და Moderna ვაქცინებისგან განსხვავებით, J&J ვაქცინა სრულ ეფექტს მხოლოდ ერთი დოზის შემდეგ აჩვენებს.

J&J იმდენად დიდია, რომ მისი წარმატება არ არის დამოკიდებული რომელიმე პროდუქტზე. კომპანიის დივერსიფიცირებული ჯანდაცვის ბიზნესი მას გრძელვადიანი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად ხდის.

Johnson & Johnson– ის აქციის ფასი 157, 09 დოლარია. წლის დასაწყისში კი 159,83 დოლარი იყო. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო ღირებულებას, კომპანია ახლა 419,58 მლრდ დოლარი ღირს.

AstraZeneca

COVID19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის “რბოლაში“ AstraZeneca ერთ-ერთი პირველი იყო. 2020 წელს ბრიტანეთის წამლის მწარმოებელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აშშ -ს მთავრობასთან 300 მილიონი დოზის მიწოდებაზე, რაც იმ დროისთვის ყველაზე დიდი გარიგება იყო.

ფარმაცევტული კომპანიის შემადგენლობა მოიცავს რამდენიმე პროდუქტს, რომლებმაც აჩვენეს გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით კიბოს წამლები Imfinzi და Lynparza.

AstraZeneca -ს ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 8,231.00 GBX (პენსი სტერლინგია), კაპიტალიზაცია კი 167, 57 მლრდ დოლარს შედგენს, რაც მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით ნაკლებია, მაშინ კომპანიის ღირებულება 182,58 მლრდ დოლარი იყო.

Novavax

მიუხედავად იმისა, რომ Novavax ამჟამად ჩამორჩება რამდენიმე თავის უფრო დიდ კონკურენტს, მას მაინც აქვს პოტენციალი იყოს მთავარი გამარჯვებული COVID-19 ვაქცინების ბაზარზე. კომპანია იმედოვნებს, რომ 2022 წლის იანვრიდან ახალი “ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას დაიწყებს.

კომპანიის ერთი აქციის ფასი ახლა 161.97 დოლარია, რაც აგვისტოს თვესთან შედარებით ბევრად ნაკლებია. მიმდინარე წლის აგვისტოში ერთი აქცია 233,23 დოლარად ფასობდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციას, Novavax-ის საბაზრო ღირებულება 12.13 მლრდ დოლარია. წლის დასაწყისში კი 7,50 მლრდ დოლარი იყო.

საქართველოში COVID19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის პოპულარობით ორი ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა - SINOPHARM და Sinovac Biotech (SVA) სარგებლობს.

SINOPHARM China National Pharmaceutical Grou-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩინეთში, 1998 წელს დაფუძნდა. მას მინიჭებული აქვს უნგრეთის „მკაცრი მარეგულირებლის” ავტორიზაცია. ვაქცინა გამოიყენება სამხრეთ აფრიკაში, აზიასა და ევროპის ქვეყნებში.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, SINOPHARM დამტკიცებულია ბაჰრეინში, ეგვიპტეში, სინგაპურში, თურქეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ევროპაში ვაქცინას იყენებს სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და უნგრეთი.

კომპანიის კაპიტალიზაცია 54, 05 ჰონგ კონგური დოლარია, ერთი აქციის ფასი კი 16,74 HKD დოლარს შეადგენს. 2021 წლის იანვარში ერთი აქციის ფასი 18 -დან 19.80 HKD -მდე მერყეობდა.

Sinovac Biotech (SVA)

Sinovac-ი კერძო ჩინური კომპანიაა, თავად ვაქცინის ოფიციალური სახელწოდება СoronaVac-ია, თუმცა საქართველოში „სინოვაკის“ სახელითაა ცნობილი.

ვაქცინაზე მუშაობა კომპანიამ 2020 წლის იანვრიდან დაიწყო, ივლისში კი ვაქცინამ გამოცდის მესამე ფაზა გაიარა - ბრაზილიაში, ინდონეზიაში და თურქეთში. ამის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ვაქცინას საგანგებო გამოყენების უფლება მიანიჭა.

NASDAQ GLOBAL SELECT – ის მიხედვით კომპანიის ერთი აქციის ფასი ახლა 18,10 დოლარია, კომპანიის ღირებულება კი 60 მლრდ დოლარს აღემატება.

თეონა რამაზაშვილი