დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში „ეკონომიკური პასპორტის შესახებ“ პრეზიდენტ ვლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი დარეგისტრირდა. ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზე არის განთავსებული. თუმცა დოკუმენტის ტექსტი ვებ-გვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. კანონპროექტი პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულია, როგორც „გადაუდებელი“.
უკრაინის ეკონომიკური პასპორტის შემოღება პრეზიდენტ ზელენსკიმ უმაღლესი რადას 1-ელ დეკემბრის სხდომაზე გამოსვლის დროს დააანონსა.
„ჩვენ კენჭი ვუყარეთ კანონს, რომელიც უკრაინის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ქირას და გადასახადს ზრდის. ამ თანხებს კონკრეტულად ჩვენს შვილებზე მივმართავთ... ჩვენი ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრით სარგებლობისთვის გადასახადებს უკრაინის მოქალაქეების შვილების პირად ანგარიშებზე დავაგროვებთ. სრულწლოვნობის მიღწევის შემდეგ, ჩვენი შვილები შეძლებენ, ეს თანხა განათლების მისაღებად ან საცხოვრებელი სახლის შესაძენად გამოიყენონ. ამ კანონის წყალობით, ოლიგარქები ჩვენი შვილების მომავლის ინვესტორები გახდებიან, რასაც მათ ვულოცავ!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
საპარლამენტო ფრაქცია "გოლოსის" ხელმძღვანელის, იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, მიმდინარე წელს ეროვნული მნიშვნელობის წიაღისეულის სარგებლობის ქირამ 35,2 მლრდ გრივნა (1 279 440 190 დოლარი) შეადგინა, ხოლო 2022 წელს ამ თანხის 41 მლრდ გრივნამდე (1 498 779 574 დოლარამდე) გაზრდა იგეგმება. მისი თქმით, ქვეყანაში 14 წლამდე ასაკის 7,5 მილიონი ბავშვი ცხოვრობს.
საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი, დავით არახამია აცხადებს, რომ ეკონომიკური პასპორტის შემოღების შემდეგ უკრაინაში დაბადებული ბავშვები, ბუნებრივ რესურსებზე დაწესებული გადასახადების შედეგად, პირად ანგარიშებზე 10-20 ათას დოლარს მიიღებენ. მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ თანხის გაცემა 2019 წელს დაბადებული ბავშვებიდან დაიწყოს, თუმცა კანონპროექტის მექანიზმით, თანხა კანონის მიღების შემდეგ დაბადებულ ბავშვებს დაერიცხებათ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ