TBC Capital: 2022 წლის ბოლოს ინფლაცია 3%-ზე დაბალი იქნება

„თიბისი კაპიტალმა“ ინფლაციის პროგნოზის შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2022 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნეზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, რომ ინფლაციის მიზნობრივ დონეს ეროვნული ბანკი ადგენს, რომელიც უკვე წლებია, რაც 3%-ს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ მომავალი წლის ბოლოს ინფლაცია 3%-ზე ნაკლები იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განახლებული პროგნოზი „თიბისი კაპიტალის“ წინა პროგნოზთან შედარებით დაბალია, კერძოდ, წინა პროგნოზის მიხედვით, 2022 წლის ბოლოს ინფლაცია საქართველოში სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ინფლაციის შემცირების მიზეზებს, „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, მომავალ წელს ფასების დონის დაბალი ზრდის ტემპს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა, შედარებით გამყარებული ეროვნული ვალუტა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის შემცირების ტენდენცია და 2022 წელს ეკონომიკის მოსალოდნელი 6%-იანი ზრდა.

ნოდარ სირბილაძე