"ნაციონალური მოძრაობა": თბილისში მოსახლეობის 60 %-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება

თბილისში მოსახლეობის 60%-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" წევრებმა განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის კომუნალური სუბსიდიის გაცემის ახალი წესი დამტკიცდა. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა) ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა შემცირდა. ასევე შემცირდა ვაუჩერის ოდენობა მათ შორის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იმ 180 000-მდე თბილისელისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია. კერძოდ, წინა ხელისუფლების პერიოდში დადგენილი წესით, ყოველთვიურად გასაცემი კომუნალური ვაუჩერის ოდენობა 20 ლარს შეადგენდა (8.45 ლარი - ელექტროენერგიის საფასურისთვის; 8.40 ლარი - დასუფთავების მოსაკრებლისთვის; 3.15 ლარი - წყლის საფასურისთვის).

"დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, მოხდა კომუნალური ვაუჩერის დიფერენცირება ოჯახის სულადობის მიხედვით. შედეგად: ერთსულიანი აბონენტები მიიღებენ 14.1 ლარს; ორსულიანი აბონენტები - 16.6 ლარს; სამსულიანი აბონენტები - 19.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ თბილისში აღრიცხული დაახლოებით 385 000 აბონენტიდან 238 000-მდე ოჯახი შედგება სამი ან ნაკლები წევრისგან. ანუ თბილისში მაცხოვრებელი მოსახლეობის (მათ შორის სოციალურად მძიმედ გაჭირვებული) 60%-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება", - აცხადებენ საკრებულოს ფრაქციაში.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი თბილისის მოსახლეობის 60%-ისთვის ვაუჩერის შემცირებას მტკნარ სიცრუეს და ირაკლი აბესაძის მხრიდან მორიგ ტყუილს უწოდებს. ჩივიაშვილის თქმით, თვეში განსაზღვრული კომუნალური შეღავათისთვის მომდევნო კვირას 382 ათას ოჯახს 9,357მლნ ლარი დაერიცხებათ. მისივე განცხადებით, ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე გასულ წელს იანვრის თვეში მოსახლეობისთვის გადაირიცხა.

მისივე განმარტებით, ელექტროენერგიის შეღავათი არ შეცვლილა, არც წყლის გადასახადზე კომუნალური შეღავათი. დასუფთავების გადასახადის შეღავათის გამოიანგარიშება კი ხდება "კანონით მოსაკრებლების შესახებ", რომელშიც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება 2013 წლის ივლისის თვეში მიიღო. ამ კანონით, ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც მიბმული იყო ნაგავზე, გაიყო და დასუფთავების გადასახადი სულადობრივი გახდა. შესაბამისად, ამ კანონის ერთსულიანი ოჯახი თვეში- 2,5 ლარს, ორსულიანი ოჯახი - 5 ლარს, ხოლო სამსულიანი ოჯახი 7,5 ლარს იხდის, ოთხსულიანი კი - 10 ლარს.