„არ ვფიქრობ, რომ რომელიმე დარგი უნდა გავათავისუფლოთ გადასახადებისგან,“ - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პარტია „ლელოს“ ინიციატივას.
საუბარია, ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს მედიის ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლებას 3 წლით. როგორც პარტიაში აცხადებენ, მედიის გადასახადებისგან გათავისუფლების საჭიროება განპირობებულია პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რამაც სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ასევე მთავრობის ინიციატივით, რაც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას გულისხმობს.
„სახელმწიფო არის ინკლუზიური სისტემა, რასაც ყველას თანაბრად და თანასწორად უნდა უყურებდეს. შესაბამისად, რომელიმე დარგის გამოყოფა, თუნდაც მედიის და მათთვის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმის შეთავაზება, სხვა დარგების მიმართ არასამართლიანი იქნება.
ჩვენ ისედაც ლიბერალური საგადასახადო სისტემა გვაქვს. ერთ-ერთი გამორჩეული დაბალი გადასახადებით. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ გარკვეული ექსკლუზივი უნდა მივიღოთ და რომელიმე დარგი გავათავისუფლოთ გადასახადებისგან.
ამასთან, სარეკლამო ბაზრიდან მსხვილი მოთამაშის გამოთიშვამ, ბუნებრივია, უნდა გამოიწვიოს რეკლამის გაიაფება. შედეგად კი, უფრო მეტი მეწარმისთვის გახდება ხელმისაწვდომი მისი პროდუქციის მედიაში რეკლამირება,“- აღნიშნა დუნდუამ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ცვლილებებზე, რომლითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები დაუწესდება. შედეგად, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება. მათ შორის, დაწესდება ასაკობრივი ზღვარი და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ასევე, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირებს, რომლებიც ოჯახის წევრების მოთხოვნით და სასამართლო გადაწყვეტილებით ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან.
კიდევ ერთი საკითხი რომელსაც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილება გულისხმობს, რეკლამის შეზღუდვაა. უფრო კონკრეტულად, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იქნება, ძირითადად შეიძლება აღნიშნული დაშვება სპორტს შეეხოს.