კომპანია Intel Corp გეგმავს, ღია ბაზარზე გაიტანოს მისი კუთვნილი კომპანია Mobileye, რომელიც დაკავებულია ავტომობილების თვითმართვადი ტექნოლოგიის შემუშავებით.
კომპანიის ინფორმაციით, ის აპირებს Mobileye-ის ახალი აქციები განათავსოს ამერიკულ საფონდო ბირჟაზე უკვე 2022 წლის დასაწყისში. მანამდე The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ახალი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მიაღწევდა 50 მლრდ დოლარს. IPO-ზე საბოლოო გადაწყვეტილება და პირობები კი დამოკიდებული იქნება საბაზრო სიტუაციაზე.
Mobileye 1999 წელს ისრაელში დააფუძნეს და ის ღია ბაზარზე 2014 წელს გავიდა, ხოლო 2015 წელს Intel-მა 15 მილიარდად შეიძინა. დღეისათვის Mobileye-ის აქციების 100%-ს ფლობს Intel და მისი სათავო ოფისი მდებარეობს იერუსალიმში.
კომპანია სპეციალიზირებულია კომპიუტერული ხედვის სისტემებზე უპილოტო ავტომობილებისთვის. Intel-ის მხრიდან Mobileye-ის შეძენის შემდეგ კომპანიის შემოსავლები სამჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მან 326 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია.