არაბთა გაერთიანებული საამიროები სამუშაო კვირის კალენდარს ცვლის

არაბთა გაერთიანებული საამიროები 1-ლი იანვრიდან ოთხნახევარდღიან სამუშაო კვირაზე გადადის, რათა თავისი ეკონომიკა გლობალურ ბაზრებთან უკეთ დააკავშიროს. ამის შესახებ მთავრობის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს.

სპარსეთის ყურის ამ ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოს, რომელიც, ასევე, რეგიონის კომერციული, სავაჭრო და ტურისტული ცენტრია, ამჟამად კვირის დასვენების დღეებად პარასკევი-შაბათი აქვს დაწესებული. თუმცა 1-ლი იანვრიდან დასვენების დღეები პარასკევს, დღის 12:00 საათიდან დაიწყება და შაბათ-კვირას გაგრძელდება. ცვლილება სკოლებსაც შეეხება.

სამთავრობო უწყებებისთვის სამუშაო კვირა ორშაბათს დაიწყება და პარასკევს, 12 საათზე, მუსულმანური ლოცვის წინ დასრულდება, რადგან, როგორც მთავრობაში აცხადებენ, პარასკეობით არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთელს ტერიტორიაზე ერთიანი ლოცვა ჩატარდება. ეს დასაქმებულების სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსს გააუმჯობესებს.

„ეს ნაბიჯი ჩავარდნების გარეშე უზრუნველყოფს ფინანსურ, სავაჭრო და ეკონომიკურ ტრანზაქციებს ქვეყნებთან, რომლებსაც დასვენების დღეებად შაბათ-კვირა აქვთ დაწესებული. ამით კიდევ უფრო გაძლიერდება საერთაშორისო ბიზნეს კავშირები და შესაძლებლობები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული და ტრანსნაციონალური ათასობით კომპანიისთვის,“ - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

Al Dhabi Capital-ის სტრატეგიის მთავარი ოფიცრის, მოჰამედ ალი იასინის თქმით, ფინანსური სექტორი მეტად ისარგებლებს განვითარებულ ბაზრებთან ერთდროული გადახდის შესაძლებლობით. ასევე, მოგებას ნახავს ტურისტული ინდუსტრია.

„ეს შესაძლოა, კარგი ექსპერიმენტი გახდეს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც,” - აცხადებს მოჰამედ ალი იასინი.

Reuters წერს, რომ პარასკევობით, ძირითადად მუსულმანურ ბევრ ქვეყანაში ყოველკვირეული დღესასწაული იმართება. თუმცა თავის განცხადებაში მთავრობას რამდენიმე ქვეყნის, ინდონეზიისა და მაროკოს მაგალითი მოჰყავს, სადაც შაბათ-კვირას ისვენებენ.

აბუ დაბის კომერციული ბანკის ეკონომისტი, მონიკა მალიკი მოელის, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კერძო სექტორის ბევრი კომპანია გადავა შაბათ-კვირის დასვენების დღეებზე. მისი შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება, სხვა ბოლოდროინდელ რეფორმებთან ერთად, „მეტად მნიშვნელოვან მოვლენას" წარმოადგენს.

Reuters-ის შეფასებით, გასული წლის განმავლობაში საამიროებმა არაერთი ზომა მიიღო, რათა მეზობელ საუდის არაბეთთან მზარდი კონკურენციის პირობებში, მისი ეკონომიკა უცხოური ინვესტიციებისა და ნიჭიერებისთვის უფრო მიმზიდველი ყოფილიყო.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ქორწინებამდე თანაცხოვრების, ალკოჰოლისა და პირადი სტატუსის შესახებ კანონები ლიბერალიზებულია. ამასთან, ბიზნესისა და ნიჭის მისაზიდად ქვეყანაში გრძელვადიანი ვიზებია დაწესებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ