ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ყავა არაბიკას ფასი 2011 წლის ოქტომბრის მაქსიმუმამდე გაძვირდა. ამის მოზეზი კი უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებში არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობები, პორტების გადატვირთულობა და სატრანსპორტო ხარჯების ზრდაა - წერს Trading Economics.
ნიუ-იორკის ICE Futures-ს ერთ ფუნტ არაბიკაზე ფასი 2,5 დოლარამდე გაიზარდა.
ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მშრალმა ამინდებმა და ყინვებმა ბრაზილიაში, რომელიც გახლავთ არაბიკას უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში, მომავალი წლისთვის მოსავლის პროგნოზები გააუარესა. ამასთან, კონტეინერების დეფიციტი იწვევს ექსპორტის შემცირებას ვიეტნამიდან. მიწოდების შემცირების რისკს ზრდის ეთიოპიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებაც.
Trading Economics-ის ინფორმაციით, არაბიკაზე მაღალი ფასი შენარჩუნდება მუშახელის დეფიციტისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის ფონზე.