უცხოელი მისთვის სასურველი ფართის მიწის ნაკვეთს ვერ შეიძენს

უცხოელებზე მიწის ნაკვეთის გასხვისება ხუთკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში არ უნდა მოხდეს

კანონი დაადგენს, რა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეიძლება ფლობდეს უცხოელი ან უცხოელის მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი საქართველოში. "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიწის ნაკვეთის როგორც მინიმალურ, ასევე მაქსიმალურ ზღვარს განსაზღვრავს. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, უცხოელის შემთხვევაში, 5 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ჯამში, შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. უცხოელის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 20 ჰექტარზე ნაკლები და ჯამში, შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი 200 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს.

აღნიშნული შეზღუდვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება. კანონპროექტით დადგენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების ვალდებულება - იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის ან უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრების უფლება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოიშობა, ასეთი ხელშეკრულება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. ამასთან, ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა უცხოელი ან უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

კანონპროექტი ადგენს იმასაც, რომ უცხოელებზე მიწის ნაკვეთის გასხვისება ხუთკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში არ უნდა მოხდეს. პარლამენტს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების ავტორობით და მთავრობის ინიციატივით წარედგინა. პროექტის გათვალისწინებით, უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება უბრუნდებათ, რაც გარკვეული პირობების გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს.