Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა - როგორია Top-10

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც, 2011 წლის შემდეგ პირველად, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი ვერ მოხვდა.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი, მწერალი, მაკენზი სკოტია, რომელიც Amazon-ის დამფუძნებლის, მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლეა. მეორე ადგილზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისია. მესამე ადგილს ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ქრისტინ ლაგარდი იკავებს, მეოთხეზე კი General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი, მერი ბარა დასახელდა. Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის ყოფილი მეუღლე, მელინდა ფრენჩ გეითსი მსოფლიოს გავლენიანი ქალების სიაში მეხუთე ადგილზეა.

შემდეგი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • 6. აბიგაილ ჯონსონი - Fidelity Investments-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი
  • 7. ანა პატრიცია ბოტინი - Santander-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე
  • 8. ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროკომისიის პრეზიდენტი
  • 9. ცაი ინგ-ვენი - ტაივანის პირველი ქალი პრეზიდენტი 2016 წლიდან
  • 10. ჯული სვიტი - გლობალური სერვისების კომპანია Accenture-ის აღმასრულებელი დირექტორი

Forbes-ის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის მეთვრამეტე ყოველწლიურ სიაში 40 აღმასრულებელი დირექტორი, 19 მსოფლიო ლიდერი და იმუნოლოგი შედის. წლევანდელი სია უფრო იმით გამოირჩევა, რომ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, მისი პირველი ნომერი შეიცვალა.

Forbes წერს, რომ მიმდინარე წელს, ქალთა ძალაუფლების მდგომარეობა მთელს მსოფლიოში ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ერთი ან ორი წლის წინ იყო.

„წელს ქალებმა მეტ წარმატებას ტოპ მენეჯმენტში მიაღწიეს. 100 ყველაზე გავლენიანი ქალიდან 40 აღმასრულებელი დირექტორია, რომლებიც რეკორდულ შემოსავალს, 3.3 ტრლნ დოლარს აკონტროლებენ. ეს 2015 წლის შემდეგ სიაში ტოპ მენეჯერი ქალების ყველაზე მეტი რაოდენობაა. თუმცა რაც ქალებმა დირექტორთა საბჭოს დარბაზში მოიპოვეს, სხვაგან დაკარგეს. მაგალითად, წელს სახელმწიფოს მეთაური ქალი ორით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო,“ - წერს Forbes.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ