რუსეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა განახევრებულია

იანვარი ღვინის ბიზნესისთვის პასიური თვეა

რუბლის გაუფასურებამ პრობლემები არა მარტო რუსეთს, არამედ ექსპორტიორ ქვეყნებსაც შეუქმნა. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები რუსეთში მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითების გამო, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების მატებასა და მოთხვნის შემცირებაზე საუბრობენ. ქართველი მეღვინეები ელოდნენ, რომ რუსეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა არ შემცირდებოდა, თუმცა რეალობა ამ ეტაპზე აბსოლუტურად სხვაგვარია - მათ შერჩათ ძვირად ნაყიდი ყურძენი, რუსეთში ღვინოზე მოთხოვნა კი, ფაქტობრივად, განახევრებულია.

რა ვითარებაა ექსპორტის კუთხით, შემცირდა თუ არა მოთხოვნა რუსეთის ბაზარზე და რა ნაბიჯებს დგამენ ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით, ამ და სხვა კითხვებით bpn.ge ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

გიორგი მარგველაშვილი, კომპანია "თბილღვინოს" ხელმძღვანელი: "ცალკეულ კომპანიებს შესაძლებელია, იანვარში გადატვირთვებზე მოთხოვნა არ ჰქონოდათ. როცა ამ ფორმულირებას ვიყენებთ, რომ ექსპორტი შეჩერებულია, შესაძლოა, მკითხველს შეექმნას მცდარი წარმოდგენა, რომ გარკვეული შეზღუდვების გამო რუსეთში ღვინის ექსპორტი შეწყდა. ის რაც ხდება იანვარში, ანუ არ ხდება პროდუქტის გადატვირთვა, იყო მოსალოდენლი იმ ეკონომიკური ძვრებიდან გამომდინარე, რაც რუსეთში დეკემბერში მოხდა, კერძოდ, მოხდა რუბლის სრული დევალვაცია. შესაბამისად, მსყიდველობითუნარიანობა დაეცა. ჩვენი პარტნიორები ვერ ახდენენ ადეკვატურად ფასის გაზრდას, ამიტომ იანვარში არ არის მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და ეს ტენდენცია გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, ამას ჩვენ ჯერ კიდევ დეკემბერში ვლაპარაკობდით. ეს ორმაგად მტკივნეულია ქართველი მეღვინეებისთვის, იმ ფასებზე დაყრდნობით, რა ფასებიც დაფიქსირდა რთველის დროს. აბსოლუტურად არაადეკვატურად მაღალი ფასი დაფიქსირდა საფერავზე. ყველა ელოდა, რომ რუსეთში მოთხოვნა იქნებოდა იმავე მასშტაბით, რაც მანამდე იყო, რეალობა კიდევ აბსოლუტურად სხვაგვარია. ქართველ მეღვინეებს ახლა აქვთ ძალიან ძვირად ნაყიდი ყურძენი და მოთხოვნა არის განახევრებული რუსეთიდან. იანვარში არც ჩვენ გვაქვს რუსეთში გადატვირთვები, თუმცა თებერვლიდან ვაპირებთ, რომ აღვადგინოთ. თებერვლისთვის უკვე გვაქვს შეკვეთა, დაახლოებით, 10 000 ბოთლზე, მაგრამ იანვარში ჩვენი ექსპორტი რუსეთში, ალბათ 0-ის ტოლი იქნება”.

მისივე თქმით, კომპანიებს, რომლებსაც ასორტიმენტში ქართული ღვინო აქვთ, უწევთ მისი გადაფასება, რადგან ეს ღვინო აქვთ დოლარებში ნაყიდი, ხოლო გაყიდვა უნდა მოახდინონ რუბლებში და როდესაც ფასების კონვერტაციას ახდენენ, ფასი რუბლებში უფრო მაღალი გამოდის. "შესაბამისად, ქსელი ჯერჯერობით არ არის მზად, რომ გაორმაგებული ფასით მიიღოს ღვინო. ეს გარდამავალი ეტაპია. გარკვეული დროის მერე ალბათ, ფასებზე შეჯერდებიან, თუმცა მოთხოვნა იქნება უფრო მცირე, ვიდრე ეს იყო რუბლის დევალვაციამდე. რამდენად მცირე იქნება, ამის პროგნოზირება ძნელია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპორტი რომც განახევრდეს, რუსეთის ბაზარი მაინც საინტერესო იქნება, რადგან მოთხოვნა ძალზე დიდია. "ვფიქრობთ, დივერსიფიკაციაზე. მთლიან ექსპორტში რუსეთის ბაზარი გასული წლის მონაცემებით, 25%-ს არ აღემატება, დანარჩენი 75% ჩვენ გადანაწილებული გაქვს 30 ქვეყანაზე. დარგის შემთხვევაში მონაცემები ცოტა განსხვავებულია, მთლიანი ექსპორტი საქართველოდან რუსეთში დაახლოებით, 65%-ია", - აცხადებს მარგველაშვილი.

ზურა რამაზაშვილი, "თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი:

"ახალ წლამდე პროდუქციის საკმაოდ დიდი რაოდენობა გადავტვირთეთ, თუმცა ახლა შეკვეთა მზადდება. 2015 წელს ჯერ არ გაგვიტანია, თუმცა ზოგადად, გაყიდვები რუსეთში საკმაოდ შეჩერებულია, თავად რუსეთის ბაზარზე არსებული პრობლემების გამო. მოგეხსენებათ, რომ რუსეთში ვალუტის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ მკვეთრად დაეცა, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქცია საკმაოდ გაძვირდა, ამის გამო ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია. ჩვენ რუბლებში არ ვყიდით, ჩვენ ვყიდით უცხოურ ვალუტაში, ვგულისხმობ, ამერიკულ დოლარს. შესაბამისად, ჩვენი ფასები ჯერჯერობით არ შეცვლილა. რასაკვირველია, ქვეყნის შიგნით ეს ფასები ავტომატურად გაიზრდებოდა იმიტომ, რომ რუბლის გაუფასურების გამო იმპორტირებული პროდუქციის ფასი გაიზრდება".

მისვე თქმით, კომპანიის ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ღვინო ექსპორტზე 22 ქვეყანაში გადის. "არ ვართ რუსეთზე დამოკიდებული. რუსეთი ჩვენი გაყიდვების მხოლოდ ნაწილია. მისი წილი ჩვენს მთლიან ექსპორტში დაახლოებით, 35%-ია. ჩავთვალოთ, რომ ეს 35% შესაძლოა შემცირდეს, განახევრდეს. ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ სხვა ბაზრებზე საკმაოდ კარგად ვიქნებით წარმოდგენილები, რადგან დიდი ხანია ჩვენს პროდუქტს მსოფლიოს მრავალ ბაზარზე ვყიდით, კერძოდ, მათ შორისაა, პოსტსაბჭოთა 12 ქვეყანა, გარდა თურქმენეთისა და ტაჯიკეთისა, ასევე ვყიდით ღვინოს პოლონეთში, ინგლისში, აშშ-ში, ჩინეთში, ჰოლანდიაში, კანადაში და ა.შ".

ზურაბ ჩხაიძე, კომპანია "ასკანელი ძმების" მფლობელი: "ჩვენთანაც აბსოლუტურად იგივე მდგომარეობაა, ვინაიდან ჩვენ დეკემბერში შევასრულეთ ჩვენი დაგეგმარება, თუმცა დეკემბერში რუბლმა დიდი დევალვაცია განიცადა. ამას მოჰყვება პროცესები ჩვენი იმპორტიორების მხრიდან პირობების გადახედვაზე და ამას სჭირდება დრო. რა თქმა უნდა, არცერთ მაღაზიასა და ქსელს არ უნდა, რომ ფასმა მოიმატოს დახლზე, მაგრამ რეალურად ძველი ფასით ვერ შევა, ეს იქნება იმპორტიორისთვის წამგებიანი, ამ მოლაპარაკებას სჭირდება გარკვეული დრო. ვფიქრობ, რომ იანვარი მოლაპარაკების პერიოდი იქნება და იანვრის ბოლოს თამაშის ახალი წესები ჩამოყალიბდება, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ პატარ-პატარა გადატვირთვები უკვე გვქონდა, მათ შორის, რუსეთის მიმართულებითაც, მაგრამ ეს მცირე რაოდენობაა იმასთან შედარებით, რაც იყო".

მისივე თქმით, კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებაზე გახსნის დღიდან ფიქრობს. მუშაობა მიმდინარეობს აზიის ქვეყნების მიმართულებით და შედეგებიც მეტ-ნაკლებად არის. "ევროპის ბაზარზე მარტში ძალიან ავტორიტეტული გამოფენაა, სადაც ჩვენ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ და ხდება ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებები და ვართ ახალი პარტნიორების მოძიებაში. დღეს ჩვენს პროდუქციას 15 ქვეყანაში ვყიდით. უკრაინაში დაძაბული ვითარების მიუხედავად 4 მანქანა უკვე გადავტვირთეთ. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი ჩვენ დაახლოებით, 40% გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს პატარა მოცულობა არ არის, მაგრამ ეს პროცენტიც არ არის ჩვენთვის მაღალი რისკის შემცველი. რისკები შესწავლილი გვაქვს".

bpn.ge-თან საუბრისას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ 2015 წელს ექსპორტი არ გაჩერებულა, გადაზიდვები ახლაც ხდება, თუმცა იანვარი აქტიური სეზონი არ არის.

გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი:

"რაღაც გაუგებრობა მოხდა. სიტყვა - შეფერხება ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო, როცა რუსეთში ექსპორტზე იყო საუბარი. როდესაც რუბლის დევალვაცია დაიწყო, ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთში, შესაძლოა, ექსპორტის ზრდა ისეთივე დიდი არ ყოფილიყო, როგორც წინა წლებში, როდესაც რუსული ბაზარი გაიხსნა. რუბლის დეველვაცია შარშანაც იყო, თუმცა 2014 წელს წინა წელთან შედარებით, ექსპორტმა თითქმის 60%-ზე მეტით მოიმატა სხვადასხვა მიზეზის გამო. გაჩერებით არც 2015 წელს არ გაჩერებულა, გადაზიდვები ახლაც ხდება, თუმცა იანვარი ღვინის ექსპორტისთვის ზოგადად აქტიური სეზონი არ არის. იანვარი როცა დამთავრდება, შევადარებთ შარშანდელ მონაცემებს, თუმცა ჯერჯერობით კლება არ არის. გადაზიდვები ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მაგრამ დარგში არის მოლოდინი, რომ 2015 წელს ზრდა ისეთივე მნიშვნელოვანი აღარ იქნება, როგორც 2014-ში იყო”.

მისივე თქმით, ექსპორტი თებერვლის მეორე ნახევრიდან აქტიურდება, შემდეგ კი ცოტა იკლებს, ასეთივე ტენდენცია შეინიშნება ნოემბერსა და დეკემბერის პირველ ნახევარში, როცა ღვინის ექსპორტის მოცულობები იზრდება. "ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სააგენტოს და ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამაზე წლებია მუშაობა მიმდინარეობს, რაც 2015 წელსაც გაგრძელდება და უფრო გააქტიურდება. რამდენიმე კვირაში დაგეგმილია ღონისძიებები საფრანგეთში, იტალიაში, ასევე თებერვალში აშშ-ში, ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და განსაზღვრული გვაქვს ბაზრები, თუ სად უნდა გავააქტიუროთ მუშაობა", - განაცხადა სამანიშვილმა.

ნათია რუხაძე