როგორი იყო თემურ ჭყონიას „მაკდონალდსის“ ფინანსური მაჩვენებლები პანდემიურ 2020 წელს

პანდემიური 2020 წელი „მაკდონალდსმა“ ზარალით დაასრულა. „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორი იყო შპს „თ და კ რესტორნების“ შემოსავლები და ფინანსური მაჩვენებლები გასულ წელს. ცნობისთვის, კომპანია, „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით საქმიანობს.

როგორც 2020 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება „თ და კ რესტორნების“ ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, შპს „თ და კ რესტორნების“ შემოსავალი 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 95 948 776 ლარი, ხოლო 2019 წელს - 98 821 343 ლარი იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შემოსავალისა, პანდემიური 2020 წელის კომპანიისთვის ზარალიანი აღმოჩნდა. გასულ წელს კომპანიის წლის სრული ზარალი 19 021 279 ლარს შეადგენდა.

ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2020 წლის ბოლოს, შპს „თ და კ რესტორნების“ საკუთრებაში 149 473 207 ლარის აქტივები იყო. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობამ კი 1 400-ს მიაღწია. ასევე, როგორც ანგარიშგებაშია მითითებული, მომხმარებელთა რაოდენობამ წლის ჭრილში გადააჭარბა 6.5 მილიონს.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კორონა ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის და შეზღუდვების გამო, 2019 წელთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ხოლო შემოსავალი მხოლოდ 2%-ით, რაც გამოწვეული საშუალო ჩეკის ზრდით დრაივისა და დელივერის არხებში, ასევე ორი ახალი ფილიალის გახსნით,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცნობისთვის, კომპანია „თ და კ რესტორნები“ 1997 წლის 16 დეკემბერს დაარსდა. კომპანია საქმიანობს „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით და წარმოადგენს „მაკდონალდსის“ კორპორაციის ფრანჩაიზს. 2020 წლის 31 დეკემბერს კომპანია წარდგენილი იყო 18 რესტორნით საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი.

რაც შეეხება მფლობელებს, 2020 წლის მდგომარეობით, კომპანიის 90% თემურ ჭყონიას ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს კომპანიის პრეზიდენტია, 10%-იან წილს კი თენგიზ კაპანაძე ფლობს, რომელიც ამავე დროს გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.

თაია არდოტელი