პანდემიურ 2020 წელს მსოფლიოში იარაღით ვაჭრობა 1,3%-ით გაიზარდა

გასულ წელს 100 უმსხვილესი კომპანიის მიერ განხორციელებულმა იარაღისა და სამხედრო მომსახურების გაყიდვებმა 531 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით, 1,3%-ით მეტია. ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რასაც სააგენტო „გორდონი“ ავრცელებს.

SIPRI-ის მონაცმებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა პანდემიის პირველ წელს 3,1%-ით შემცირდა, იარაღის გაყიდვის მოცულობა გაიზარდა.

„სამრეწველო გიგანტები კრიზისისგან სამხედრო საქონელსა და სერვისებზე მთავრობების დიდმა მოთხოვნამ დაიცვა. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში სამხედრო ხარჯები გაიზარდა და ზოგიერთმა მთავრობამ დააჩქარა კიდეც შეიარაღებაზე გადახდები, რათა COVID-19-ის კრიზისის გავლენა შეემსუბუქებინა,“ - აცხადებს SIPRI-ის თავდაცვის ხარჯებისა და იარაღის წარმოების მკვლევარი, ალექსანდრა მარკშტეინერი.

იარაღით გლობალურ ვაჭრობაში ყველაზე დიდი წილი 41 ამერიკულ კომპანიას ეკუთვნის, რაც 285 მლრდ დოლარს, ანუ მთლიანი პროდუქციის 54%-ს შეადგენს. ეს 2019 წელთან შედარებით, 1,9%-ით მეტია. ინდუსტრიის 100 უმსხვილესი კომპანიის სიაში პირველ ხუთი პოზიცია, ასევე, ამერიკულ კომპანიებს უკავია. პირველ ადგილზე Locheed Martin Corp-ია.

ჩინურ ფირმებს ტოპ 100-ის წილში გაყიდვების მოცულობით მეორე ადგილი უკავიათ. ტოპ 100-ში შემავალი ხუთი ჩინური კომპანიის იარაღის ჯამურმა გაყიდვებმა გასულ წელს, დაახლოებით, 66,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით, 1,5%-ით მეტია.

ევროპის 26 კომპანიას ტოპ 100-ში იარაღის მთლიანი გაყიდვების 21%-იანი წილი უკავია, რაც 109 მლრდ დოლარს შეადგენს.

ათეულში ექვსი კომპანია შეერთებული შტატებიდან არის, ერთი - დიდი ბრიტანეთიდან, სამი კი - ჩინეთიდან.

  • Lockheed Martin Corp - აშშ
  • Raytheon Technologies - აშშ
  • Boeing - აშშ
  • Northrop Grumman Corp. - აშშ
  • General Dynamics Corp. - აშშ
  • BAE Systems - დიდი ბრიტანეთი
  • NORINCO - ჩინეთი
  • AVIC - ჩინეთი
  • CETC - ჩინეთი
  • L3Harris Technologies - აშშ

SIPRI-ის მონაცემებით, იარაღის რუსული კომპანიების ვაჭრობა გასულ წელს 6,5%-ით შემცირდა. თუ 2019 წელს რუსების გაყიდვებმა 28,2 მლრდ დოლარი შეადგინა, 2020 წელს 26,4 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რუსული კომპანიების იარაღის გაყიდვებმა პიკს 2017 წელს მიაღწია, რის შემდეგაც მოცულობა მხოლოდ იკლებს. რუსულ ფირმებს ტოპ 100-ში შეიარაღების მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 5%-იანი წილი უკავიათ.

აშშ-ს, ჩინეთის, რუსეთისა და ევროპის ფარგლებს გარეთ დაფუძნებული იარაღის კომპანიების მთლიანმა გაყიდვებმა 2020 წლის ტოპ 100-ის მოცულობაში 8,1%, ანუ 43,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით, 3,4%-ით მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ