”ფორბსი”: საქართველოს წყალობით მსოფლიომ არ დაივიწყა ღვინის ჭურჭელში, ქვევრში დაყენება

”ქართველმა მეღვინეებმა შესაძლოა ზომიერების გრძნობა დაკარგონ”

”საქართველოს წყალობით, მსოფლიომ არ დაივიწყა ღვინის ჭურჭელში, ქვევრში, დაყენება და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების მიღება”, - წერს ”ფორბსის” რუსული გამოცემა.

”აღმოსავლეთ ექსპრესი: ღვინის რომელ რეგიონებს ელით დიდი მომავალი”, - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა სტატიას, სადაც ის ექვსი რეგიონი ჰყავს ჩამოთვლილი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ”საქართველო ეროვნული მეღვინეობის აყვავებას განიცდის. საქართველო აღადგენს აუთენტურ ისტორიულ სტილს და ყურძნის აბორიგენულ სახეობებს (რომელთა რაოდენობაც საქართველოში 5000-ზე მეტია).საქართველოს წყალობით, მსოფლიომ არ დაივიწყა ღვინის ჭურჭელში, ქვევრში დაყენება და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების მიღება” - წერს იგორ სერდიუკი. მაგრამ, მისივე მოსაზრებით, ქართველმა მეღვინეებმა შესაძლოა ზომიერების გრძნობა დაკარგონ. ამასთან ერთად, ავტორი პროგნოზირებს, რომ, შესაძლოა, მოხდეს ბევრი საინტერესო აღმოჩენა, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია ელის საქართველოსგან, როგორც მეღვინეობის სამშობლოსგან”, - წერს ”ფორბსის” რუსული გამოცემა.

ჟურნალის ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ყირიმი, ყუბანი, სომხეთი, ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი. ”ფორბსის” რუსული გამოცემის ინფორმაციით, 2006-დან 2011 წლის ჩათვლით ჩინეთში ღვინის ბაზარი წლიურად საშუალოდ 20%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ყირიმს, სტატიის ავტორი, ღვინის კრიტიკოსი იგორ სერდიუკი აღნიშნავს, რომ ყირიმს მეღვინეობის უძველესი ტრადიცია აქვს. ”ევროპა ყირიმში მთავრდება. და სწორედ აქ, ევროპული მეღვინეობის უკანასკნელ ნაპირზე უახლოეს ხანებში რაღაც საინტერესო მოხდება”, - პროგნოზირებს ავტორი.