სტარტაპის შედეგად სინგაპურში ყავის რობოტი ბარისტები მომრავლდა

Ella სინგაპურის პირველი სრულად ავტონომიური ყავის ბარისტაა, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერ ყავას უმზადებს. CNBC-ის ცნობით, რობოტი ბარისტა 41 წლის ფინანსისტ კიტ ტანს ეკუთვნის, რომელმაც 2015 წელს საკუთარი ყავის მაღაზიების ქსელი გახსნა, ხოლო მუშახელის დეფიციტის გამო, სტარტაპი Crown Digital დააფუძნა.

ტექნოლოგიური სტარტაპი მიზნად ისახავს, საკვებისა და სასმელების სექტორში პრობლემებს გაუმკლავდეს. Ella კომპანიის სადებიუტო პროდუქტია. ის ავტომატიზირებული რობოტია, რომელიც ყავის ადამიანური სერვერის მუშაობის კოპირებას ახდენს.

მრავალწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, რობოტი ბარისტა 2018 წელს შეიქმნა. ის აღჭურვილია ავტონომიური მკლავით, რომელიც რობოტების კომპანია Techman Robot-მა დაამზადა. რობოტი ბარისტა ხუთი კვადრატული მეტრის გამჭვირვალე კიოსკში მუშაობს.

Ella 24 საათის განმავლობაში არ ჩერდება და საათში 200 ფინჯან ყავას ამზადებს, რაც ადამიანი ბარისტას მომსახურებაზე ოთხჯერ მეტია. ინგრედიენტებით, ანუ ახალი რძითა და ყავის მარცვლებით მისი შევსება მხოლოდ 360 პორციის შემდეგ არის საჭირო, რის მონიტორინგსაც, აპლიკაციის საშუალებით, მიმტანი მძღოლები ახორციელებენ. ამასთან, Crown Digital-ის შიდა ბრძანების ცენტრი საშუალებას იძლევა, Ella-ს ხარვეზები დისტანციურად აღმოაჩინოს და შეაკეთოს.

კიტ ტანი აცხადებს, რომ ტექნოლოგია სპეციალურად მოძრავი ადგილებისთვის არის შექმნილი, როგორიცაა აეროპორტები, სატრანსპორტო ცენტრები და ოფისები, სადაც სიჩქარე უმთავრესია.

„ხარჯების დაზოგვა მომხმარებლებზეც გადადის. მაგალითად, თუ ტიპიურ ბარისტასთან ყავა სინგაპურში, დაახლოებით, 4,50 დოლარი ღირს, Ella-სთან მას 3 დოლარად დალევთ,“ - განუცხადა CNBC-ის Crown Digital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კიტ ტანმა.

ბაზრის კვლევის კომპანია IDC Insights Asia Pacific-ის პროგნოზით, უახლეს ორი წელიწადში კვებისა და სასმელების სექტორის, ასევე, საცალო ვაჭრობის ობიექტების ნახევარი რობოტების გარკვეულ ფორმას გამოიყენებს.

კოვიდპანდემიამ Ella-ზე მოთხოვნა მხოლოდ გაზარდა. იმის გამო, რომ 2020 წელს მეტმა ადამიანმა გააცნობიერა ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა, Ella-მ პირველი მუდმივი სამუშაო სივრცე სინგაპურის ერთ-ერთ ცენტრალურ სავაჭრო ცენტრში მიიღო.

მას შემდეგ Crown Digital-მა არაერთი კონტრაქტი გააფორმა და მისი რობოტი ბარისტები აღმოსავლეთ იაპონიის რკინიგზის კომპანიის 1657 სადგურის ქსელში, ასევე, კომპანია SMRT-ის მართვის ქვეშ მყოფი სინგაპურის მეტროს 30 სადგურზე მუშაობენ.

ამასთან, ორმა სატრანსპორტო ოპერატორმა Crown Digital-ში ინვესტიცია განახორციელა, რითიც მისი დაფინანსების მთლიანი მოცულობა 3.1 მლნ დოლარამდე გაზარდა. კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 35 მლნ დოლარს გადააჭარბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ