გიორგი აბაშიშვილი: საჭიროა მეტი კოორდინაცია მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი აბაშიშვილი დოლართან მიმართებაში ლარის დასტაბილურების მიზნით "ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის მაქსიმალური კოორდინირებული ქმედებების" აუცილებლობას ხედავს.

აბაშიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესში ეროვნულ ბანკს მხოლოდ "გარკვეული როლი" აკისრია. "პროცესში ეროვნულ ბანკს აქვს გარკვეული როლი, მაგრამ მხოლოდ ეროვნული ბანკის როლი ვერ წარმომიდგენია ამ შემთხვევაში. უნდა იყოს მაქსიმალურად კოორდინირებული ქმედებები ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. სწორი კოორდინაცია, ამავე დროს სიტუაციის სწორი ანალიზი და სწორი შეფასება – ეს იქნებოდა იდეალური გამოსავალი როგორც ლარის კურსთან მიმართებაში არსებული სიტუაციის დარეგულირების, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი პრობლემის პრევენციისთვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზებს, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის შეფასებით, დოლარის ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში გამყარებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გარდა, არსებობს აღნიშნულის კიდევ ოთხი ფაქტორი. "კერძოდ, მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადები. უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების წყაროებს კი წარმოადგენს ექსპორტი, ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და ტურიზმი. ექსპორტის ნაწილში შემცირებაა და ქვეყანამ ამ კუთხით მეტი უნდა იმუშაოს, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექსპორტს შეიძლება ობიექტური ფაქტორები აფერხებდეს, მათ შორის დაძაბულობა რეგიონში. ტურიზმი: ჩვენ ასევე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს, ზრდის დინამიკა იყოს დაფიქსირებული. ბუნებრივია, თუკი რაიმე ტიპის შეფერხება არსებობს აღნიშნულთან მიმართებაში, იქნება ეს სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი თუ სხვა, საჭიროა სწრაფად გადაიხედოს. საჭიროა შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება აფერხებდეს საქართველოში ტურისტების შემოსვლას. მესამე, გადარიცხვები კი - ეს არის ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორი. ბუნებრივია, თუ ჩვენ ავიღებთ გადმორიცხვების სტრუქტურას, აქ პირველი ადგილი უკავია რუსეთს, ისევე როგორც წამყვან ქვეყნებშია უკრაინა. უკრაინის კონფლიქტისა და რეგიონში დაძაბულობის ფონზე, ბუნებრივია, იკლო გადმორიცხვებმა. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ დოლართან მიმართებაში რუსული რუბლის გაუფასურებაც, რამაც რუსეთიდან გადმორიცხვებზე, ბუნებრივია, იქონია მნიშვნელოვანი გავლენა. რაც შეეხება მეოთხე ფაქტორს, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციებთან, ამ კუთხითაც მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რადგან ჩვენ გვჭირდება განვითარების ნაწილში მკვეთრი ზრდის ეფექტი, რაც მათ შორის მიიღწევა ინვესტიციების გაზრდილი მოცულობით. დღეს საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტად მიმზიდველი ინვესტორებისთვის და საქართველო ნამდვილად არის უფრო მეტად მიმზიდველი, მთავარია ახლა სწორი და უფრო აქტიური მუშაობა ინვესტორებთან, რათა საქართველოს უპირატესობებში ისინი უფრო მეტად იყვნენ დარწმუნებულები. ეს არის ფაქტორები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, დააბალანსებდა და გამოასწორებდა, განვითარებაზე ორიენტირებულს გახდიდა არსებულ ვითარებას", - აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.