McDonald's-ის პირველი რესტორანი ეკოლოგიურად სუფთა შენობაში

დიდ ბრიტანეთში ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე McDonald's-ის პირველი რესტორანი გაიხსნა, რომელიც ქარის ტურბინასა და მზის პანელებზე მუშაობს. BBC-ის ცნობით, რესტორანი შროპშირის Market Drayton-ში მდებარეობს.

შენობა გადამუშავებული IT აღჭურვილობითა და საყოფაცხოვრებო პროდუქციით არის მოპირკეთებული, იზოლაციისთვის ცხვრის მატყლი, ხოლო რესტორნის ნიშნებისთვის ნახმარი ყავის მარცვლები გამოიყენეს.

სწრაფი კვების კომპანიამ განაცხადა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ფილიალი „მონახაზია“ სხვა რეგიონებისთვისაც, სადაც მის გასახსნელად კომპანია მუშაობას გააგრძელებს.

ეს არის დიდ ბრიტანეთში პირველი რესტორანი, რომელსაც, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობას, ნულოვანი ნახშირბადის მშენებლობის კონცეფციის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მწვანე შენობების საბჭო (UKGBC) დაამოწმებს.

„სამშენებლო ინდუსტრიის დეკარბონიზაციის პრობლემა კომპლექსურია, თუმცა McDonald's-მა პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა,“ - აცხადებს UKGBC-ის წარმომადგენელი, საიმონ მაკუირტერი.

McDonald's-ის პრეს-სპიკერი, ბეთ ჰარტი ამბობს, რომ კომპანიამ სხვა რესტორნებში ამ ინოვაციის გავრცელება უკვე დაიწყო.

„რესტორანი Market Drayton-ში ჩვენი მომავალი ახალი შენობების გეგმა-პროექტი გახდება. გვსურს, საკვები პროდუქტები მომხმარებლებს ისეთ რესტორნებში მივაწოდოთ, რომლებიც მომავალში ეკოლოგიურად მდგრადი იქნება. Market Drayton არის დიდი ნაბიჯი ამის რეალიზებისთვის,“ - აცხადებს ბეთ ჰარტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ