რა 4 დარღვევის გამო ჯარიმდებიან ყველაზე ხშირად  მძღოლები საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების 2021 წლის მე-3 კვარტალის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

უწყების ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სულ 839 005 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამათგან, უმეტესობა - 407 546 ფაქტი თბილისში დარეგისტრირდა.

კერძოდ, გასულ თვეებში გამოვლენილი ტოპ-4 დარღვევის სტატისტიკა ასეთია:

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - 232 876;

ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 141 365;

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 130 075;

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - ფიზიკური პირი - 127 288.

თაია არდოტელი