გაგრის რაიონი დოტაციაზეა, ბიზნესსექტორი კი ჩრდილოვანი - დე ფაქტო პრეზიდენტი გადასახადების ამოღებით უკმაყოფილოა

გაგრის რაიონში ელექტროენერგიის გადასახადის ამოღება ვერ ხდება. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

„არ არის კარგი, როცა, მაგალითად, სოფელ ბზიფში შეგროვების მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ია, სოფელ ლძააში კი - 27%. ეს მჭიდროდ დასახლებული სოფლებია და მოხმარებული ელექტროენერგიის თანხის შეგროვების პრობლემა არ უნდა დამდგარიყო. გამოდის, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ენერგეტიკის ორგანოები არასაკმარისად მუშაობენ. წლის ბოლოს ამ სოფლებში დენის გადასახადის ამოღების მაჩვენებელმა 50%-ს მაინც უნდა მიაღწიოს, რის გადასამოწმებლადაც იანვრის ბოლოს გაგრის რაიონის სოფლებს მოვინახულებ,“ - აცხადებს ბჟანია.

ასლან ბჟანია, ასევე, გაგრის რაიონის კერძო სექტორიდან გადასახადების ამოღების ცუდი მაჩვენებლებითაც უკმაყოფილოა. მისი თქმით, გადასახადების აკრეფვა შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს, თუ სასტუმროების ბიზნესის შემოსავალი ჩრდილიდან გამოვა.

„შედით კარგ სასტუმროებში, გაიკითხეთ იქაური საშუალო ხელფასი და ნახავთ რესურსს, რომელსაც გადასახადების სახით გვიმალავენ. დამსაქმებელი ხელფასის სახით 12 ათას რუბლს (160 დოლარს) აფიქსირებს, დასაქმებულს კი ბევრად მეტს უხდის, რომ გადასახადის გადახდა აიცილოს თავიდან. 2022 წელს ასეთ ხელფასებს ბოლო უნდა მოეღოს, რომ მედიცინაში, განათლებაში, მეცნიერებაში, სპორტში, სოციალურ სფეროში ინვესტიციების განხორციელება შევძლოთ. ეკონომიკაში შემოსავლების გაზრდა აუცილებელია, მათ შორის იმათ ხარჯზე, ვინც გადასახადი უნდა გადაიხადოს, მაგრამ არ იხდის,“ - ამბობს ბჟანია.

გაგრის რაიონის „ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის, იური ხაგუშის თქმით, ბიუჯეტი, შემოსავლების კუთხით, წლიდან წლამდე არ სრულდება. 2014 წლიდან 2020 წლამდე რაიონის ბიუჯეტში 500 მლნ რუბლზე (6,702,399 დოლარზე) ნაკლები შევიდა, საიდანაც 273 მლნ რუბლი (3,659,510 დოლარი) გაგრის რაიონის ბიუჯეტის შევსებას სჭირდებოდა.

„გაგრის რაიონი დოტაციაზე დაჯდა, რის შედეგადაც რაიონის გამგეობასა და ქვესაუწყებო ორგანიზაციებს არასაბიუჯეტო ფონდებში ათობით მილიონი რუბლის საკრედიტო და საგადასახადო დავალიანებები დაუგროვდათ. ხელფასების დაგვიანება თვეების განმავლობაში გრძელდება, მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლებისა და კომუნალური სამსახურების დაფინანსებაც,“ - აცხადებს იური ხაგუში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ