ექსპერტები 2022 წელს ბრაზილიური ყავის დაბალ მოსავალს პროგნოზირებენ - სულ 55 მილიონი ტომარა

Reuters-ის ცნობით, სავაჭრო სახლების ყავის ექსპერტებმა ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში მოსავლიანობა შეამოწმეს, რადგან იანვრის ბოლომდე მოსავლის შეფასების ოპტიმალური პერიოდია.

ნედლი საქონლის ანალიტიკოსის, ჯუდი განესის პროგნოზით, ბრაზილიური არაბიკის ყავის წარმოება მომავალ წელს, დაახლოებით, 36 მილიონ ტომარას შეადგენს, რაც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მცირე პროგნოზია. განესი ამბობს, რომ ხეების ვეგეტატიური (კვებითი) სიჯანსაღე გვალვამ და ყინვებმა დააზიანა. იგი მოელის, რომ ბრაზილიის მთლიანი მოსავალი, რობუსტას ჯიშის ჩათვლით, 55 მილიონი ტომარა იქნება, რაც 2020 წლის რეკორდული მოსავლის 70 მილიონი ტომრისგან შორს არის.

„მართალია, ყინვებისა და გვალვის შემდეგ მოსული წვიმის შედეგად ხეების ყვავილობა კარგია, მაგრამ ჯერ უცნობია, თუ რამდენი მათგანი გამოიღებს ნაყოფს,“ - აცხადებს აშშ-ში დაფუძნებული Coffee Trading Academy-ის მთავარმა ანალიტიკოსი, რაიან დელანი.

ყავის ბრაზილიელი აგრონომი, იონას ფერარესო ამბობს, რომ ოქტომბრის წვიმების შემდეგ, ყვავილობა ფართოდ გავრცელდა, მაგრამ ნაყოფად მათი გადაქცევა ნორმაზე დაბალია.

„ბევრმა ხემ ნაყოფის ნაცვლად ტოტებზე ახალი ფოთლები მოისხა. ეს უჩვეულო მოვლენა, ალბათ, წლის დასაწყისში დამდგარ ძლიერ გვალვებს უკავშირდება,“ - აცხადებს იონას ფერარესო.

თუმცა სოფლის მეურნეობის ფინანსირების Rabobank პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს და მოსავლის 66,5 მილიონი ტომარას მოელის. Rabobank-ის პროგნოზით, 2022 წლის გლობალური წარმოების მთლიანი რაოდენობა 3 მილიონი ტომრით მეტი იქნება, ფასები კი ფუნტ ყავაზე 2 დოლარს ჩამოსცდება. ამასთან, აშშ-ში დაფუძნებული სავაჭრო კომპანია Cardiff Coffee პროგნოზირებს, რომ გლობალური წარმოება მომავალ წელს 63,1 მილიონ ტომარას შეადგენს.

Reuters-ის შეფასებით, მიმდინარე წელი მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის, ბრაზილიის ყავის მეურნეობისთვის რთული წელი იყო. გვალვის შემდეგ ფასები გაიზარდა, რაც ამჟამად 10-წლიან რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება. გვალვების შემდეგ დამდგარმა ყინვებმა ყავის ხეების, დაახლოებით, 20% გაანადგურა.

გვალვისა და ყინვების შემდეგ არაბიკას ყავის ფიუჩერსები ICE-ზე წელს 90%-ით გაიზარდა. ყავის გაძვირებას ხელი შეუწყო კონტეინერების გლობალურმა დეფიციტმაც, რამაც გადაზიდვები შეაფერხა. ფასების ზრდამ ბრაზილიის, კოლუმბიისა და სხვა ქვეყნების ფერმერები აიძულა, წინასწარ გაყიდული ყავის მიწოდებაზე დეფოლტი გამოეცხადებინათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ