მომავალი წლიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება - რომელ ქუჩებზე შეიძლება იმოძრაოს ტრანსპორტმა

მომავალი წლისთვის თბილისში 18-მეტრიანი 200 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„2022 წელს ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსები. შემდეგ უკვე მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე, რვამეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად მოგვარდება.

მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსები შემოვა და მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სატესტო რეჟიმში გარკვეული პერიოდით, დედაქალაქში მოძრაობდა 18-მეტრიანი, ორ სექციანი, 150-კაციანი ავტობუსი. როგორც გასულ წელს მერიაში აცხადებდნენ, 18-მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა დაგეგმილი იყო, ქალაქის მასშტაბით, 10 ჩქაროსნულ დერეფანში. რაც შეეხება 10 არტერიულ ქუჩას, მათ შორის არის: ჭავჭავაძის, რუსთაველის, რობაქიძის, მარშალ გელოვანის გამზირები, ხიზანიშვილის, ვეკუას ქუჩები, გაგარინის და ჟვანიას მოედანი, ასევე პეკინის ნაწილი.

თაია არდოტელი