ოპეკ-ის გენერალური მდივანი ნავთობის ფასის 200 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

ოპეკ-ის გენერალური მდივნის, აბდალა ალ-ბადრის განცხადებით, ნავთობის მსოფლიო ფასებმა უკვე მიაღწია "სანავთობო ფსკერს" და უმოკლეს პერიოდში დაიწყებს მატებას.

ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. მისივე თქმით, მომავალში ნავთობის ფასმა, შესაძლოა, ბარელზე 200 დოლარსაც კი მიაღწიოს, თუკი მიმდინარე პირობებში ინვესტიციების შემცირება ენერგომატარებლების არსებით უკმარისობას გამოიწვევს. "ვთქვათ, მოპოვება შევამცირეთ, მაშინ სარეზერვო სიმძლავრეები გვექნება. მომპოვებლები, როდესაც მათ ზედმეტი სიმძლავრეები გააჩნიათ, ინვესტირებას არ განახორციელებენ. თუკი ისინი არ დებენ ინვესტიციებს, არ იქნება მიწოდებაც; თუ არ იქნება მიწოდება, სამ-ოთხ წელიწადში ბაზარზე უკმარისობა იქნება და მაშინ ფასი აიწევს და ვნახავთ 2008 წლის განმეორებას. შესაძლოა, ფასმა 200 დოლარსაც მიაღწიოს", - განაცხადა "ოპეკ"-ის ხელმძღვანელმა.

დღეისათვის "ბრენტის" ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 47,61 დოლარს შეადგენს.