ჩრდილოეთ კორეაში 11 დღე სიცილი და ალკოჰოლის მოხმარება აიკრძალა

ჩრდილოკორეელებს კიმ ჩენ ილის გარდაცვალების 10 წლისთავთან დაკავშირებით ბედნიერების რაიმე ნიშნის გამოხატვა 11 დღით აეკრძალათ. ინფორმაციას რადიო „თავისუფალი აზია“ (RFA) ავრცელებს.

შეზღუდვები 11-დღიან გლოვის პერიოდში სიცილისა და ალკოჰოლის აკრძალვას მოიცავს. კიმ ჩენ ილის გარდაცვალების დღეს ანუ 17 დეკემბერს ჩრდილოკორეელებს სასურსათო პროდუქტების საყიდლებზე სიარულიც კი ეკრძალებათ.

კიმ ჩენ ილი, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავდა, 2011 წელს, 69 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ამჟამინდელი ლიდერის, კიმ ჩენ ინის მამა იყო. მისი მმართველობა ჩრდილოეთ კორეის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდს, 1990-იანი წლების შუა პერიოდის შიმშილს დაემთხვა, როცა ოთხი წლის განმავლობაში 3,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

კიმ ჩენ-ილისა და მამამისის, ერის მამად მიჩნეულ კიმ ირ-სუნგის გლოვის დღეები ყოველწლიურად აღინიშნება. ჩვეულებრივ, ეს პერიოდი ათი დღე გრძელდება, მაგრამ წელს კიმ ჩენ-ილის გარდაცვალებიდან ათწლეულის აღსანიშნავად, ათდღიან გლოვას მეთერთმეტე დღეც დაემატა.

პოლიცია წინასწარ გააფრთხილეს, რომ გამოავლინონ პირები, ვინც საკმარისად შეწუხებულად არ გამოიყურებიან და „კოლექტიური გლოვის განწყობას აზიანებენ“.

წინა წლების გლოვის პერიოდში ნასვამ მდგომარეობაში გამოვლენილი პირები დაპატიმრების შემდეგ დღემდე არავის უნახავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ