ახალი წლის პერიოდი სრულად დაჯავშნილია - როგორი იქნება მიმდინარე სეზონზე  გუდაურში სასტუმროს ფასები

გუდაურში სასტუმროების ნაწილი ახალი წლის პერიდოში სრულად დაჯავშნილია. როგორც ობიექტების ხელმძღვანელები, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გასული, ჩავარდნილი წლის შემდეგ, მიმდინარე სეზონი იმედიანად გამოიყურება. სასტუმროების მეპატრონეების თქმით, იმ პირობებში, რომელშიც უწევთ მუშაობა, ახალი წლის 100% -ანი, ხოლოდ იანვარ-თებერვლის 75-90%-ანი დატვირთვა, ძალიან კარგი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ფასებს, როგორც პანდემიამდე, 80 დოლარიდან 850 ლარამდე მერყეობს.

"Inn Group-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია: „გუდაურში ჯავშნები უკვე არის. ახალი წლის პერიოდი, 28 დეკემბრიდან, 7 იანვრის ჩათვლით, 100%-ით შევსებულია, ადგილები საერთოდ აღარ არის.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასული სეზონი საერთოდ არ გვქონია, ვფიქრობთ, ასე თუ ისე, მოთხოვნა იქნება. მთელი თვის, იანვრის ჯავშნებსაც რომ გადავხედოთ, 75%-ზეა ასული, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მოახლოვდება სეზონი, კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა. ეს კი, ძალიან კარგი მაჩვენებელია, იმ პირობებისთვის, რომელშიც გვიწევს მუშაობა.

რაც შეეხება ფასებს, მეტ-ნაკლებად, შევინარჩუნეთ. დაახლოებთ, 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ჯავშნების უმრავლესობა, სადღაც 70%, უცხოელი ვიზიტორებზე მოდის“.

სასტუმრო „გუდაურას“ დირექტორი ირაკლი კუტალია: „იანვარი-თებერვლის პერიოდში ნომრების 90% უკვე დაჯავშნილია. ახალ წელს 100%-ანი დატვირთვა გვაქვს. ფასები დაახლოებით, 400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს დაახლოებით, 2019 წლის ფასების ანალოგიურია. გასულ სეზონზე არც გვიმუშავია“.

სასტუმრო „ქუადრუმის“ ხელმძღვანელი ირაკლი ერისთავი: „ჩვენი სასტუმრო, 25 დეკემბრიდან 10 იანვრამდე, ფაქტობრივად, სულ დაჯავშნილია, თითქმის 100%. ჯავშნები ძირითადად უცხოელი ვიზიტორებისგან მოდის, ადგილობრივები ალბათ, 10 % გვეყოლება.

რაც შეეხება ფასებს, 80-100 დოლარიდან იწყება და ლუქს ნომერი - 850 ლარი ღირს.

ამ სეზონზე გვაქვს კარგი მოლოდინი. იცით, რომ გასული წელი საერთოდ ჩავარდა. აპრილში მხოლოდ 1 თვე ვმუშაობდით. ახლა უკვე იმედი გვაქვს, რომ კარგი სეზონი იქნება. სიმართლე გითხრათ, ცოტა გაურკვევლობას იწვევს, საბაგიროზე როგორ მოხდება კოვიდ პასპორტების შემოწმება. ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს გარკვეულ დისკომფორტს შექმნის. იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება და გათვლილი იქნება“.

ნინი ქეთელაური