ტენდერებში მონაწილეთა შერჩევის პროცედურებში ცვლილებები განხორციელდა

ტენდერებში მონაწილეთა შერჩევა/შეფასების პროცედურებში ცვლილებები განხორციელდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო პერმანენტულად სრულყოფს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას, რათა ტენდერებში მონაწილეებს მაქსიმალურად გამჭვირვალე და წინასწარ, ნათლად განსაზღვრული სამართლიანი პროცედურები შეუქმნას. ამ მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში" ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, შერჩევა/შეფასების ზოგიერთი პროცედურის ვადა დაწესდა. კერძოდ, შემსყიდველ ორგანიზაციას დაუწესდა კონკრეტული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მან პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეაფასოს და გამარჯვებული გამოავლინოს.

"შეფასების ეტაპი რამდენიმე ქვეეტაპად იყოფა, ყველა მათგანს კი კონკრეტული დრო ეთმობა. ეს ეტაპებია: ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება; დაზუსტება (საჭიროების შემთხვევაში); დაზუსტებული დოკუმენტაციის შეფასება (საჭიროების შემთხვევაში); შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის წარმოდგენა და შეფასება (საჭიროების შემთხვევაში); გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა; საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა და შეფასება (საჭიროების შემთხვევაში); ხელშეკრულების დაზღვევის ან გარანტიის მოთხოვნა (საჭიროების შემთხვევაში) და გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო ტექნიკური ხასიათის ზოგიერთ დეტალს", - აცხადებენ სააგენტოში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების დანერგვა უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. სააგენტო იმედოვნებს, რომ ცვლილებები მოაწესრიგებს გაჭიანურებული, აგრეთვე ჩაშლილი ტენდერების პრობლემას და ხელს შეუწყობს ტენდერების უფრო სწრაფად, მოქნილად და ეფექტიანად ჩატარებას, ეს კი დადებითად აისახება, როგორც სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულებაზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, შემსყიდველი ორგანიზაციების, მიმწოდებლებისა და სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებული სხვა პირების მიერ სიახლის უკეთ გაცნობის მიზნით, შერჩევა/შეფასებასთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდება 2015 წლის 15 თებერვლიდან, ხოლო სხვა, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები კი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

"ცვლილებების დაინტერესებულ პირთათვის ადვილად აღსაქმელად, სააგენტომ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) გამოაქვეყნა შერჩევა/შეფასების მთლიანი ეტაპის დეტალური აღწერა (კომენტარები) და სათანადო სქემა", - განმარტავენ სააგენტოში.