35 მცირე ფერმერული კოოპერატივი გრანტით დააჯილდოვეს

დღეს, ევროპული სამეზობლო პროგრამის "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" (NPRD) ფარგლებში 35 მცირე ფერმერული კოოპერატივი გრანტით დაჯილდოვდა.

ფერმერებს მატერიალური აქტივების სახით ტრაქტორები, სატვირთო მანქანები, სახნავ-სათესი მოწყობილობები და სხვა აღჭურვილობა გადაეცათ. ღონისძიებას ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის ატაშე სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში ხუან ეჩანოვე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

NPRD-ის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო 700-ზე მეტმა მცირე ფერმერულმა ჯგუფმა, რომელთაგან მეორე ტურისთვის შეირჩა 200-ზე მეტი ჯგუფი. შერჩეულმა ფერმერულმა ჯგუფებმა ტრენინგები ბიზნესგეგმის შედგენასა და კოოპერატივების ორგანიზებაში წარმატებით გაიარეს. საგრანტო თემა მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებას სხვადასხვა დონეზე. ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ 52 მილიონი ევროთი ფინანსდება. 2012 წლის დეკემბერში ხელმოწერილი პროგრამა მიზნად ისახავს საკვების წარმოების ხელშეწყობასა და სოფლად არსებული სიღარიბის აღმოფხვრას. გრანტების მინიჭების გარდა NPRD-ი ასევე ახორციელებს საქართველოს მთავრობის პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სფეროს სტრატეგიის განხორციელებაში და სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში 2013 წელს მიღებულ იქნა კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ.