კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 2015 წლის 1 იანვრისათვის 13.0 მლრდ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2014 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 629.9 მლნ ლარით (5.1 პროცენტით) გაიზარდა და 2015 წლის 1 იანვრისათვის 13.0 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 276.1 მლნ ლარით (5.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 353.8 მლნ ლარით (4.7 პროცენტით) გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 9.8 პროცენტით ანუ 136.7 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.8 მლრდ ლარის (შესაბამისად, 5.2 პროცენტით ანუ 238.2 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 30.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 12.2 პროცენტით ანუ 212.2 მლნ ლარით გაიზარდა და პირველი იანვრისათვის 2.0 მლრდ ლარს მიაღწია. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 25.0 პროცენტი შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი იანვრისათვის 1.6 მლრდ ლარით განისაზღვრა (9.3 პროცენტით ანუ 135.6 მლნ ლარით მეტი პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით); 6.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 423.3 მლნ ლარია (2.6 პროცენტით, ანუ 10.9 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 62.3 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2014 წლის დეკემბრის განმავლობაში 5.4 პროცენტით ანუ 311.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 6.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.