ერდოღანის მიერ დაანონსებულმა გეგმამ თურქული ლირა 25%-ით გაამყარა

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი „აღარ იქნება ქვეყანა, რომელიც თავის ეკონომიკასა და პოლიტიკას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების დახმარებით, გარე ძალებს მძევლად ჩაუგდებს.“ პრეზიდენტის განცხადებას სამთავრობო სააგენტო Anadolu ავრცელბს.

ერდოღანი აანონსებს, რომ მთავრობა „ახალ ფინანსურ ალტერნატივას შესთავაზებს მოქალაქეებს, რომ გაცვლითი კურსის მატებასთან დაკავშირებით მათი შიში შემცირდეს.“

„ამიერიდან, კურსის გაზრდის შიშით, თურქული ლირადან უცხოურ ვალუტაში დეპოზიტის გადატანა არც ერთ ჩვენს მოქალაქეს აღარ მოუწევს,“ - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თურქულ საექსპორტო კომპანიებს, რომლებსაც კურსის რყევების გამო ფასების დადგენა უჭირთ, ცენტრალური ბანკის მეშვეობით ფორვარდულ გაცვლით კურსს შესთავაზებენ. ამასთან, კომპანიების მიერ წარმოებული დივიდენდების გადახდებზე დაკავებული გადასახადი 10 პროცენტით შემცირდება.

თურქეთის პრეზიდენტმა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებაც დააანონსა, რაც თურქეთის ეკონომიკაში მოსახლეობისგან 280 მლრდ დოლარის ოქროს მიიზიდავს.

„თურქეთს არა აქვს არც განზრახვა და არც საჭიროება, თუნდაც ერთი ნაბიჯით დაიხიოს უკან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკიდან. ყველას, ვისაც აქვს ფული და ფინანსებზე ხელი მიუწვდება, ეკონომიკის ინვესტირებისა და წარმოებების გახსნისკენ მოვუწოდებ,“ - აცხადებს ერდოღანი.

ერდოღანის მიერ ფინანსური სისტემის სტაბილურობის ზომების გამოცხადების შემდეგ, თურქული ლირა მკვეთრად, 25%-ით გამყარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ