„მთავრობა მუშაობს მიწოდების ზრდაზე, ცენტრალური ბანკი მუშაობს მიწოდების შემცირებაზე, გვექნება ინფლაცია, აბა რა იქნება?!“ - ლადო პაპავა

„მთავრობა მუშაობს მიწოდების ზრდაზე, ცენტრალური ბანკი მუშაობს მიწოდების შემცირებაზე, გვექნება ინფლაცია, აბა რა იქნება?!“, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ეროვნული ბანკი უფრო მოქნილი ყოფილიყო შექმნილ ვითარებაში, თუმცა, ის თავისით ამ გადაწყვეტილებებს უბრალოდ, ვერ იღებს და ის ინსტრუმენტები, რაც მას გააჩნია, კიდევ უფრო უარესი მდგომარეობისკენ წამყვანია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც გადავიდა ინფლაციის თარგეთირებაზე 2009 წლიდან, პრაქტიკულად, დამოკიდებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებებზე. უფრო ლოგიკურია დავსვათ კითხვა ასე, რატომ არ ცვლის მიდგომებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. და რატომ არ ცვლის, ამაზე პასუხიც მარტივია, მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიური მუშაობა, მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები სერიოზულად აკრიტიკებენ და ხედავენ იმ უარყოფით მხარეებს, რაც აქვს ინფლაციის თარგეთირებას. მაგრამ სავალუტო ფონდიც არის ბიუროკრატიული ორგანიზაცია, თანაც საერთაშორისო ბიუროკრატიული ორგანიზაცია. ანუ, ბიუროკრატიის ხარისხი იქ საკმაოდ მაღალია. 6 წელი მქონდა ბედნიერება მემუშავა ამ ორგანიზაციასთან და ვიცი, იქ რამდენად რთულია რაიმე ცვლილების მიღება. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბანკს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო მოქნილი ყოფილიყო შექმნილ ვითარებაში, მაგრამ ის თავისით ამ გადაწყვეტილებებს უბრალოდ ვერ იღებს და ის ინსტრუმენტები, რაც მას გააჩნია, კიდევ უფრო უარესი მდგომარეობისკენ წამყვანია.

პრობლემა არის შემდეგში, თუ გაძვირდება ფული, ბანკებს გაუჭირდებათ სესხის აღება, ბანკებიდან სესხის აღება გაუჭირდება ბიზნესს, ანუ ისევ შემცირდება მიწოდება. თუ მიწოდება შემცირდება, ინფლაცია ისევ გაიზრდება. ანუ ფულის გაძვირებით შენ შეიძლება მოთოკო მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ინფლაცია, მაგრამ მიწოდების შემცირების შემთხვევაში, ფულის გაძვირებით, მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებ. ამიტომ ვამბობს, ეს არათავსებადია. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი უბრალოდ, მკვდარია, ის არ მუშაობს და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი პირობებში, ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

მისი თქმით, თუ მთავრობის აღებულ კურსს, ეროვნულმა ბანკმა ხელი არ შეუწყო, ქვეყანაში შექმნილი ვითარება, უბრალოდ, არ გამოსწორდება.

„მე ვიცნობ ეროვნული ბანკის თანამშრომლების მნიშვნელოვან ნაწილს და ვიცი, რომ ისინი ძალიან მაღალკვალიფიციურები არიან. მათ კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება. აქ პრობლემაა ხელმძღვანელობაში, რომელიც ასევე მცოდნეა, მაგრამ მე ვფიქრობ, მათ არ ჰყოფნით პოლიტიკური გამბედაობა, რომ თავისით მიიღო რაღაც გადაწყვეტილებები.

ნახეთ, როგორი ეკონომიკური კონფლიქტი გამოვიდა, ერთის მხრივ გვაქვს 10%-ანი ეკონომიკური ზრდა და ასევე გვაქვს - 12,5 %-იანი ინფლაცია. ხალხის განწყობა, რომ რას გვატყუებთ, რატომ არ აისახა ეს ჩვენს ყოფაზე, როგორ აისახება, როდესაც გვაქვს 12,5%-ანი ინფლაცია?! მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ აქ ეკონომიკური ზრდა 10%-ზე ნაკლები იყოს და იყოს მაგალითად, 2 ან 4%, და ისევ 12%-ანი ინფლაცია, ჩვენი მდგომარეობა ბევრად უარესი იქნებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეკონომიკის უმთავრეს ამოცანად რჩება მიწოდების ზრდა და ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად სწორი პოზიცია აქვს აღებული მთავრობას, რომ უნდა გაიზარდოს მიწოდება, ადგილობრივი წარმოების ზრდის კვალობაზე, ორიენტაციის აღება იმპორტიდან წარმოების ზრდაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით (ასევე, სავალალო მდგომარეობაშია საქართველოს მრეწველობა). აი ეს საკითხებია მისახედი, მაგრამ თუ ცენტრალურმა ბანკმა ამ ყველაფერს არ აუწყო მხარი, უბრალოდ, სიტუაცია არ გამოსწორდება. დღეს რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს, ამით უფრო ამძიმებს სიტუაციას. დღეს მიწოდებაში არის პრობლემა, ის უფრო აძვირებს სესხს, რომ მიწოდება კიდევ უფრო შემცირდეს.

მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს შორის კოორდინაცია - ეს უბრალოდ პოლიტიკური განცხადება არ არის, რომ შეხვდნენ და დაილაპარაკეს. მთავრობა მუშაობს მიწოდების ზრდაზე, ცენტრალური ბანკი მუშაობს მიწოდების შემცირებაზე, გვექნება ინფლაცია, აბა რა იქნება?!“,- განცხადა ლადო პაპავამ.

ნინი ქეთელაური