ევროკავშირმა საქართველოს 13 მილიონი ევრო გამოუყო

27 იანვარს ევროკავშირმა გრანტების სახით საქართველოსთვის 13 მილიონი ევრო გამოყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ავრცელებს.

რადიო "თავისუფლების" ცნობით, აღნიშნული დახმარება საქართველოსთვის განსაზღვრული 46 მილიონი ევროს მაკროსაფინანსო დახმარების პირველი ტრანშის ნაწილია. "ეს დახმარება 2013 წელს დამტკიცდა. პირველი ტრანში მოიცავს აგრეთვე 10 მილიონ ევროს სესხების სახით, რომელიც ახლო მომავალში გაიცემა. მეორე ტრანში - 23 მილიონი ევრო 2015 წლის შუაში გამოიყოფა", - წერს რადიო "თავისუფლება".

ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში ევროკომისარ პიერ მოსკოვიცის განცხადებით, ევროკავშირი დაპირებებს ასრულებს. "მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობებს, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი რეფორმების გატარებისას და ვეხმარებით ევროკავშირთან მის მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას", - აღნიშნა პიერ მოსკოვიცმა.

რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამა არის ევროკავშირის კრიზისთან გამკლავების ინსტრუმენტი იმ მეზობელი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საგადამხდელო ბალანსის სერიოზული პრობლემები აქვთ. აღნიშნული პროგრამა არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების დამატება. საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარების ორი პროგრამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2008 წლის ოქტომბერში გამართულ დონორთა კონფერენციაზე მიიღო. ეს დახმარება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2013 წლის აგვისტოში დაამტკიცეს. მაკროსაფინანსო დახმარების პირველი პროგრამა 46 მილიონი ევროს ოდენობით 2009-2010 წლებში განხორციელდა.