ვარჯიში ჭამის დროს - McDonald’s-ის ჩინურმა ფილიალმა რესტორნებში სავარჯიშო ველოსიპედები დაამონტაჟა

სწრაფი კვების გლობალური ქსელის, McDonald’s-ის ჩინურმა ფილიალმა რამდენიმე რესტორანში სავარჯიშო ველოსიპედები დაამონტაჟა. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

ვიდეომ, რომელზეც მომხმარებელი ბურგერის ჭამის დროს ველოსიპედის პედლებს ატრიალებს, 5 დღეში TikTok-ზე 35 მილიონი ნახვა დააგროვა. როლიკებიანი მოწყობილობა არა მხოლოდ მაგიდასთან დაკავშირებული ტრენაჟორი, არამედ დამტენიცაა. ველოსიპედი გადამუშავებული პლასტმასისგან არის დამზადებული და მასზე ვარჯიშის დროს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც ვიზიტორებს შეუძლიათ მობილური ტელეფონებისა და სხვა მოწყობილობების დასატენად გამოიყენონ.

კომპანიამ პირველი ნიმუში მიმდინარე წლის სექტემბერში, გუანდუნის პროვინციაში მდებარე McDonald’s-ის სავაჭრო ობიექტზე წარადგინა, ახლა კი სავარჯიშო მანქანები შანხაის რესტორნებშიც გამოჩნდა.

ველოსიპედები McDonald’s-ის გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მმართველობის (Environmental, Social, and Corporate Governance), ანუ ESG კამპანიის ნაწილია, რომელსაც „Upcycle for Good“ ეწოდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებასა და ნახშირბადის კვალის შემცირებას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ