ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე დღეს პირველი სატესტო მატარებელი გაივლის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობა.

სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს, ევროპასა და აზიას შორის ეფექტიან და სწრაფ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. პროექტის დასრულება 2015 წლის ბოლოს იგეგმება. სატესტო მატარებლის გაშვების ცერემონიას აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი კარწახში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრება.