„100%-ანი დატვირთვა გვაქვს“-  რა ჯდება  სურამში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო კომპლექსში დასვენება

15 იანვრამდე 100%-ანი დატვირთვა გვაქვს“- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „პარკ ჰოტელ სურამი შალეს" მეპატრონემ ჯულია ანპილოგოვამ განუცხადა. საუბარია, სასტუმრო კომპლექსზე, რომლის მეპატრონე, მამია ბითაძე პროექტის ირგვლივ არსებულ დავას შეეწირა. მშენებლობას ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ინვესტორს ტყის გაჩეხვა სურდა.

2018 წლის 29 მაისს სწორედ აღნიშული დაპირისპირება გახდა სასტუმროს ინვესტორის, ბიზნესმენი მამია ბითაძის მკვლელობის მიზეზი. მაშინ არსებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემის გარშემო კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომლის მოწყობა მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.

მოგვიანებით, პროექტის განხორციელების უფლება მამია ბითაძის რძალს მიეცა. თუმცა, როგორც ჯულია ანპილოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, ადგილობრივების ნაწილმა საჩივრების წერა განაგრძო. მისი თქმით, სინამდვილეში საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილი იყო, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ამბობდა, ისინი შიშობდნენ, რომ ახალი სასტუმრო დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებდათ.

თუმცა, საბოლოოდ, ჯულია ანპილოგოვას ინფორმაციით, სამხარაულის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტი განხორციელებულიყო, რადგან ობიექტის მშენებლობა საფრთხის შემცველი არ იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდპანდემიაა და ამასთან, წარსულის ამბებთან ასოციაცია აღარ ყოფილიყო, პროექტის კონცეფცია მთლიანად შეიცვალა და ახალი სახელწოდებით, რეგულაციებს მორგებული 5 კოტეჯი აშენდა.

„სასტუმრო მთლიანად დატვირთულია. დამსვენებლები ყოველდღიურად გვიკავშირდებიან. ძალიან კმაყოფილები ვართ ზამთრის სეზონითაც, ზაფხული ხომ საერთოდ ძალიან კარგი იყო. ახალ წელსაც, 15 იანვრამდე, 100%-ანი დატვირთვა გვაქვს. ამ ეტაპზე ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლები გვყავს, უცხოელები ძალიან მცირე ნაწილია. თუმცა, ვინც ჩამოდის, ჩვენს სასტუმროში ზაფხულში უკვე ნამყოფია და ისევ ჩვენთან მოდის. ეს ქვეყნებია: იტალია, არაბეთი, ავსტრია, გერმანია და უკრაინა.

რაც შეეხება ფასებს, კონკრეტულად ახალი წლის ღამე 800 ლარი იქნება, შემდეგ 1-ლი იანვრიდან 15-მდე - 600 ლარი, ამის შემდეგ უკვე ისევ დაბრუნდება სტანდარტულ ფასებზე (400-დან 600 ლარამდე)“,- ამბობს ჯულია ანპილოგოვა.

მისი თქმით, ზამთრის სეზონის დასაწყისში გარკვეული სირთულეები კოვიდ პასპორტებმა შექმნა, რის გამოც ჯავშნების ნაწილი გაუქმდა.

„მწვანე პასპორტების რეგულაციამ გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. დეკემბრის დასაწყისში, პირველი 15 დღე საერთოდ გაუქმდა ჯავშნები. როგორც ჩანს, ხალხი არ იყო ამისთვის მზად, დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული. გარდა ამისა, სტუმრების გარკვეული ნაწილი მოდის, ადგილზე ნახულობს და იქვე ჯავშნის, მაგრამ არ გვაქვს საშუალება ადგილზე ტესტირების და ვერ ვუშვებდით კომპლექსში. ახლაც არის შემთხვევები, როდესაც რეკავენ და რომ იგებენ, რეგულაციების შესაბამისად ვმუშაობთ, აღარ ჯავშნიან. ალბათ, ეძებენ სხვა სასტუმროებს. მიუხედავად ამისა, მაინც სრული და​ტვირთვით ვმუშაობთ და ძალიან კმაყოფილი ვართ ამ სეზონით“,- ამბობს ჯულია ანპილოგოვა.

235486757-2851218655141435-344064816324230214-n-1633611565-1640350809.jpg

235646238-2853898761540091-9142918205751034348-n-1633611424-1640350825.jpg

235999066-2851218591808108-5442903978953825510-n-1633611382-1640350838.jpg

241352793-2869511663312134-7450744613328066925-n-1633611489-1640350850.jpg

243017770-2886637831599517-7453830294452990231-n-1633611453-1640350862.jpg

243036156-2886637794932854-2190535009689070139-n-1633611403-1640350872.jpg

243519284-2886637764932857-6744914976392108126-n-1633611520-1640350885.jpg

ნინი ქეთელაური