დაკარგული მილიარდები: რა მოსდით რუს ბანკირებს, მათი ბანკების კრახის შემდეგ

რუსეთის ბიუჯეტმა წლის განმავლობაში დაახლოებით 130 მლრდ დოლარი უკვე დაკარგა

როგორც ცნობილია, რუსული რუბლი დოლარისა თუ ევროს მიმართ მკვეთრად გაუფასურდა. რუსეთში ორნიშნა ინფლაციაა, ფული - მსყიდველობით უნარს, ხოლო ადგილობრივი ბიზნესი შემოსავლებს კარგავს. ქვეყანა, ფაქტობრივად, დეფოლტისა და სახალხო მღელვარების საფრთხის წინაშე დგას. კურსის ცვალებადობის გამო, სავაჭრო ობიექტები ფასების ცვლას ვერ აუდიან. რამდენიმე ცნობილმა ბრენდმა რუსეთში გაყიდვა შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში უცხოური ვალუტით ვაჭრობა კანონით აკრძალულია, ზოგიერთმა მაღაზიამ პროდუქციის გაყიდვა დოლარში დაიწყო.

დასავლეთის დაწესებული სანქციებისა და ნავთობზე დაბალი ფასების გამო, რუსეთის ბიუჯეტმა წლის განმავლობაში დაახლოებით 130 მლრდ დოლარი უკვე დაკარგა. "ბლუმბერგის" შეფასებით, რუბლის რყევის გამო, 2 დღეში რუსეთის 20 უმდიდრესი ადამიანი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით გაღარიბდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში, რუსეთის სახელმწიფომ ბანკების სანაციასა და დაზღვეულ საბანკო ანგარიშებზე დაახლოებით, 1 ტრილიონი რუბლი დახარჯა. შედარებისთვის, დაახლოებით იგივე ოდენობა, ზუსტად კი, 1,3 ტრილიონი რუბლი, მთავრობამ საკუთარი ანტიკრიზისული გეგმის რეალიზაციისთვის ჩადო. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავ ორგანოებს პრეტენზიები ბანკირებთან მხოლოდ მას შემდეგ უჩნდებათ, რაც ისინი საზღვარგარეთ გარბიან.

გთავაზობთ ცნობილი ბანკირების სიას, რომლებმაც ინფლაციის შემდეგ, რუსეთი დატოვეს:

ილია იუროვი, ბანკი "Траст"

მფლობელები: ილია იუროვი, ნიკოლაი ფეტისოვი და სერგეი ბელიაევი.

სტატუსი: ამ დროისთვის ბრალი არ აქვს წაყენებული

ადგილმდებარეობა: უცნობია, სავარაუდოდ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

სახელმწიფოს დანაკარგი: 127 მილიარდი რუბლი, ბანკის სანაციაზე

ბანკს პრობლემები 2014 წლის 16 დეკემბერს დაეწყო, როდესაც მომხმარებლებმა ბანკიდან დაგროვილი დანაზოგების სახით 10 მილიარდი რუბლი გაიტანეს. თუმცა, კრახის ძირითად მიზეზად "თრასთის" აქტივების ცუდი ხარისხი გახდა. ბანკის გარღვევამ 67,8 მილიარდი რუბლი შეადგინა.

სერგეი პუგაჩოვი, "მეჟპრომბანკი"

ბანკის მფლობელი: სერგეი პუგაჩოვი

სახელმწიფოს დანაკარგი: 32 მილიარდი რუბლი

სტატუსი: ბრალდებული

ადგილმდებარეობა: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

გაკოტრებამდე "მეჟპრომბანკი" რუსეთის 30 უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაციის რიცხვში შედიოდა. 2010 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ცენტრალური ბანკის კრედიტის გადახდა. როგორც გაირკვა, მეჟპრომბანკი არასწორ ანგარიშებს ავრცელებდა. ამჟამად, შენატანების დაზღვევის სააგენტო ცდილობს ჩამოართვას პუგაჩოვს 75,5 მილიარდი რუბლი. 2014 წელს ინგლისისა და უელსის იუსტიციის სასამართლომ დააკავა პუგაჩოვის აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 2 მილიარდი დოლარია, ხოლო ინტერპოლმა მასზე ძებნა გამოაცხადა. თვითონ ბიზნესმენმა, სახელმწიფო აქტივების ექსპროპრიაციაში დაადანაშაულა. საბოლოო ჯამში, სასამართლომ პუგაჩოვს კვირაში მხოლოდ 10 000 ფუნტი სტერლინგის დახარჯვის უფლება მისცა "ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად".

ანდრეი ბოროდინი, მოსკოვის ბანკი

სტატუსი: ბრალდებული

ადგილმდებარეობა: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

სახელმწიფოს დანაკარგი: 295 მილიარდი რუბლი

მოსკოვის ბანკში, მოსკოვის მთავრობის 46,48%-იანი წილის გაყიდვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც იური ლუჟკოვმა მერის პოსტი დატოვა. 2010 წლის ბოლოს ბანკის აქციონერისა და მისი მოადგილის მიმართ საქმე სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით აღიძრა. 2011 წლის ნოემბერში, ინტერპოლმა ბოროდინი და აკუნინი ძებნილთა სიაში გადაიყვანა. რუსეთის პროკურატურამ დიდ ბრიტანეთს ბოროდინის ექსტრადიციის მოთხოვნა გაუგზავნა, თუმცა, ბრიტანეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

ბორის ბულოჩნიკი, "მასტერ-ბანკი"

ბანკის მფლობელი: ბორის ბულოჩნიკი

სტატუსი: ეჭვმიტანილი

ადგილმდებარეობა: უცნობია, სავარაუდოდ, ისრაელი

სახელმწიფოს დანაკარგი: 31,3 მილიარდი რუბლი

"რუსეთის ბანკის" თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა აცხადებდა, რომ მასტერ-ბანკის კაპიტალის გარღვევა დაახლოებით, 2 მილიარდი რუბლია, თუმცა, ინფორმაცია არ იყო ზუსტი. მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება "უკანონო საბანკო საქმიანობის" მუხლით ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მასტერ-ბანკის დირექტორთა საბჭოში რუსეთის პრეზიდენტის ბიძაშვილი იგორ პუტინიც შედიოდა.

მომზადებულია Forbes.ru-სა და Bloomberg-ის მასალების მიხედვით.