კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს

საქართველოს 2014 წლის ტოპ ინვესტორი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს.

საქართველოში წამყვან უცხოურ საინვესტიციო კომპანიად, 2014 წლის ბოლოს, სწორედ ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" დასახელდა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი წლის მანძილზე, საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფის" საერთო საინვესტიციო თანხამ 500 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. წამყვანი ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" საინვესტიციო პროექტებს სხვადასხვა სფეროში ახორციელებს: დეველოპერული, საფინანსო, საწარმოო.

2015 წელი "ჰუალინგ ჯგუფისთვის" ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო წელია.

კომპანია მიმდინარე წლის მაისში, თავისი ყველაზე მასშტაბური პროექტის, "თბილისის ზღვის ახალი ქალაქის" ოლიმპიადისთვის მომზადებას დაასრულებს და სამი თვით სახელმწიფოს გადასცემს. ამ ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი "თბილისი 2015" განთავსდება, რომელიც 3800 სპორტსმენს უმასპინძლებს. აღნიშნული პროექტი კომპანას 150 000 000 აშშ დოლარი უჯდება. 2012 წელს დაწყებული პროექტი სახელწოდებით "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" მთლიანობაში გულისხმობს 2 მლნ კვ.მ საცხოვრებელ და 2 მლნ კვ.მ კომერციულ ფართს. ამ ტერიტორიაზევე უკვე მოქმედებს სავაჭრო კომპლექსი "ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა", რომელსაც წლის ბოლოს 110 000 კვ.მ. სავაჭრო ცენტრის გახსნა დაემატება, რის შემდეგაც კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი სწორად "ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა" იქნება. წელსვე, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში ფუნქციონირებას დაიწყებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "Hotels & Preference Hualing თბილისი."

საფინანსო სფეროში ყველაზე დიდი ინვესტორი "ჰუალინგ ჯგუფი" 2012 წლიდან "ბაზისბანკის" აქციების 90%-ის მფლობელია. მას შემდეგ ბანკმა კაპიტალი გააორმაგა და ფილიალების რაოდენობა გაზარდა. სამეწარმეო სფეროში "ჰუალინგ ჯგუფი" ძირითადად რეგიონებშია წარმოდგენილი. ამ სფეროში მის მთავარ პროექტს ქუთაისში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიის განვითარება და "თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" მშენებლობა წარმოადგენს. აქ 2014 წლის ივნისამდე, სულ 50 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შედეგად ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე უკვე ათამდე საწარმო ფუნქციონირებს.

2015 წელს ტოპ ინვესტორი "ჰუალინგ ჯგუფი" ძირითადად დაწყებული მასშტაბური პროექტების წარმატებით განვითარებას გეგმავს, თუმცა ასევე განიხილება სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ინვესტიციის განხორციელებაც.