გელა ჩივიაშვილი: ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველები არ არიან, კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი მექანიზმები განისაზღვრება

ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, კომუნალური ვაუჩერის გაცემის საკითხთან დაკავშირებით ახალი მექანიზმები განისაზღვრება.

ამის შესახებ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გელა ჩივიაშვილის თქმით, როგორც თბილისის მერის წინასაარჩევნო პროგრამაში იყო განსაზღვრული, მათთვის კომუნალური ვაუჩერი გაორმაგდა, თუ 2014 წელს ამ მიზნით 9 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2015 წელს უკვე 19 მილიონი ლარი იქნება გადარიცხული და მათ 250 ლარის მაგივრად, 500 ლარი გადაერიცხებათ.

"რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ განეკუთვნებიან; ისინი იანვარში, თებერვალსა და მარტში კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ ზუსტად იმ მექანიზმით, რაც იყო 2014 წელს, ხოლო 2015 წელს მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და განისაზღვრება მექანიზმები", - განაცხადა ჩივიაშვილმა. მისი თქმით, ზოგისთვის შეიძლება ეს ვაუჩერის თანხა გაიზარდოს, ზოგისთვის კი - შემცირდეს. "2015 წელს შემომუშავებული მექანიზმების შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ კონკრეტულ შედეგებზე, ანუ იქნება დადგენილი სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ოჯახის შემოსავლები", - განაცხადა ჩივიაშვილმა.