ოთარ დანელიამ და თურქმენეთის ელჩმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეთმურატ მურატოვს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისათვის კარგი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა არსებობს, რომლის შემდგომი დახვეწაც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ თურქმენეთის ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვა გააცნო და სამინისტროში ამჟამად მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქვეყანაში ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაჩნდა. ამ კონტექსტში მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთში ბიზნესფორუმების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს, მზად ვართ ხელი შევუწყოთ მის მაქსიმალურ ათვისებას", - განაცხადა დოვლეთმურატ მურატოვმა. ელჩის თქმით, თურქმენეთის სოფლის მეურნეობაში წამყვანი ადგილი მარცვლეული კულტურებისა და ბამბის წარმოებას აქვს. თურქმენეთის სამხრეთ ნაწილში აქტიურად ვითარდება მეღვინეობა-მევენახეობა და ხილის პირველადი და გადამამუშავებელი წარმოება. საქართველოსა და თურქმენეთს შორის ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების განხილვისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში საქართველოდან თურქმენეთში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მზარდ მაჩვენებლებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში სტაბილურად მინერალური და მტკნარი წყალი ლიდერობს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიზნით საქართველოსა და თურქმენეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმუშავებენ.