სატელეკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრატორი კომპანია "ვეზირი" წელს იუბილარია

ბრენდის 25 წლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი გამოცდილებისა და ახალი გამოწვევების შესახებ კომპანიის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელს, ნატალია კუხალეიშვილს ვესაუბრეთ:

პირველ რიგში, მოგვიყევით კომპანიის შესახებ:

კომპანია ვეზირი სატელეკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრატორია. ჩვენ უკვე 25 წელია ბაზარზე ვართ და ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 400-მდე სამუშაო ადგილს ვქმნით ყოველწლიურად. ეს არის მუდმივად მზარდი კომპანია თანამედროვე ხედვითა და აზროვნებით, განვითარებისკენ სწრაფვით და სიახლეების მაღალი მიმღებლობით, სადაც მეგობრული, სასიამოვნო სამუშაო გარემოა, მხარს უჭერენ ინიციატივებს, გაუმჯობესებისკენ მიმართულ ცვლილებებს, კრეატიულობას და დიდი შემართებით ხვდებიან ყველა გამოწვევას.

რას ნიშნავს იყო ვეზირის თანამშრომელი?

2-1640757063.jpgნატალია კუხალეიშვილი- ,,ვეზირის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი

,,ჩვენთან თავისუფალი და მოქნილი სამუშაო გარემოა და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსს. სამუშაოს პროცესი მკაცრი კონტროლისა და ზეწოლის გარეშე მიმდინარეობს, რადგან შედეგზე ვართ ორიენტირებულები და თანამშრომლებს დიდ ნდობას ვუცხადებთ, თუმცა ამით ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობასაც ვაკისრებთ. ‘’

როგორია კომპანიის კორპორატიული კულტურა?

ყოველთვის ვცდილობთ, შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესები ჩვენთვის მინიმალური სტანდარტი იყოს და ჩვენი შიდა კორპორატიული განაწესი ბევრად უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, ვიდრე ამას კანონი ითხოვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან მიდგომებს. გვინდა, რომ ყოველი ცალკეული შემთხვევა კომპანიაში არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებელ პრეცედენტად ვაქციოთ და ჩვენივე გაკვეთილზე ვისწავლოთ. ყოველთვის გვაინტერესებს თანამშრომლების აზრი, მათი კმაყოფილება თუ უკმაყოფილება და მუდამ ღია ვართ რეკომენდაციებისთვის.

თანამშრომლები და მომხმარებლები ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დასაქმებული იმასვე აღიქვამდეს, რაც თავად ჩვენ გვაქვს გაცხადებული.

რა კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის კომპანია თანამშრომლებისთვის?

ვინაიდან ჩვენი სფერო ტექნოლოგიებია, ცხადია, განვითარების ტემპი, ძალიან სწრაფია, ამიტომ ჩვენთან სამუშაო პროცესი და სწავლა-განვითარება ერთმანეთის პარალელურად ხდება. კომპანია ყოველთვის ახალისებს თანამშრომლების პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდას და ზრუნავს მათ განწყობაზე. ადამიანური რესურსი ვეზირისთვის, შეიძლება ითქვას, მთავარი კაპიტალია, ამიტომ ყველაზე მეტს კომპანია პერსონალის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმში დებს. ჩვენ ვცდილობთ კომპანიის შიგნით გავზარდოთ კადრები და მივცეთ მათ წინსვლის შესაძლებლობა, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტექნიკურ გუნდში, სადაც უმცროსი ტექნიკოსები დროთა განმავლობაში ინჟინრებად და მოგვიანებით დარგის ექსპერტებად ყალიბდებიან. კომპანიასაც სწორედ აქეთ აქვს გეზი აღებული. გარდა იმისა, რომ მაღალპროფესიონალურ ინჟინრულ გადაწყვეტებს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ჩვენი მიზანია, რომ ამ სფეროს განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი და ბევრი პროფესიონალი გავზარდოთ.

ვისთვის არის ვეზირი მიმზიდველი დამსაქმებელი?

მათთვის ვისაც უნდა გამოწვევებით სავსე ენერგიულ გუნდთან ერთად მუშაობა, თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო და სწავლის შესაძლებლობა. განსაკუთრებით საინტერესოა ვეზირი, როგორც დამსაქმებელი ახალგაზრდა ინჟინრებისა და ტექნიკური განათლების/ინტერესების მქონე ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ დიდი გამოცდილება ამ სფეროში.

როგორ არჩევთ პოტენციურ თანამშრომლებს?

ჩვენც, ისევე როგორც სხვა კომპანიები, კადრის მოძიების სხვადასხვა გავრცელებულ მეთოდს ვიყენებთ. გარდა პროფესიული უნარებისა, რაც პირველადი მოთხოვნაა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიასთან ღირებულებითი თანხვედრა. ვცდილობთ გასაუბრების ეტაპზე მაქსიმალურად არაფორმალური და თავისუფალი გარემო დავახვედროთ თითოეულ კანდიდატს, რათა მაქსიმალურად სწორად და კარგად შეძლოს თავის წარმოჩენა და კომპანიის შესახებაც სწორი და ზუსტი მესიჯები მიიღოს ჩვენგან.

როგორი იყო თქვენთვის კოვიდ გამოწვევა?

პანდემიამ ზოგადად დიდი სტრესი გამოიწვია ადამიანებში და მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია მათ განწყობასა და უნარებზე. კომპანია სწრაფად ადაპტირდა ახალ გამოწვევასთან და მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გარემო შექმნა თანამშრომლებისთვის. ჩვენ სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავედით გარკვეული დროით, სანამ ეს შესაძლებელი იყო და მაქსიმალურად მოქნილ და უსაფრთხო გარემოში ვმუშაობდით ყოველთვის, როცა ადგილზე გვიწევდა ყოფნა. კომპანია ზრუნავდა თანამშრომლების ტრანსპორტირებაზეც, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდული იყო, სამუშაო გრაფიკიც მაქსიმალურად მოვარგეთ პანდემიურ რეჟიმს და რაც მთავარია, მოვახერხეთ თითოეული თანამშრომლის შენარჩუნება ისე, რომ მათ შრომითი პირობები არ გაუუარესდათ.

როგორ ხედავთ ვეზირის გუნდს მომავალში?

ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა კონკრეტული ტიტულების ჩარჩოებში მოქცეული, არამედ თავისუფალი და მოქნილი, უნარებზე ფოკუსირებული გუნდი, სადაც თითოეული თანამშრომლის ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნება გამოვლენილი და სწორად გამოყენებული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მენეჯერებსა და თანამშრომლებს შორის ინდივიდუალური კავშირების გამყარება და უკუკავშირის როლის გაძლიერება. გვინდა, რომ ვეზირი იყოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დამსაქმებელი და მივაღწიოთ ყველასთვის ერთი სტანდარტის პრინციპის დაცვას.

როგორც აქამდე, მომავალშიც უსათუოდ, წავახალისებთ თანამშრომლების ზრდას და განვითარებას და ვიზრუნებთ მათ კმაყოფილებასა და რეალიზებაზე.

(R)