ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობპროდუქტების ბაზარზე შუამავალი კომპანიების მიერ კონკურენციის კანონის დარღვევაზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედი შუამავალი კომპანიების მიერ კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევაზე საუბრობს.

ნავთობის ფასებთან დაკავშირებით განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. "ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ნავთობის ფასთან მიმართებაში არის გამოკვეთილი და ზოგადად, კლების ტენდენდენციაა. ასევე, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში დიდი ინტერესს და კითხვებს იწვევს ჩვენს ქვეყანაში საწვავზე არსებული ფასები, რამდენად ადეკვატურად ასახავს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებას. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აწარმოებს ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევას. დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთე ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება მთავრობის სხდომაზე. ჩემი დავალების საფუძველზე ისინი მუშაობენ",-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ სამუშაოს პირველად შედეგებზეც ისაუბრა. "გასული წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე დაიწყო ფასების მნიშვნელოვანი შემცირება და დღეის მდგომარეობით სახეზე გვაქვს დაახლოებით 60%-იანი კლება. ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე, მაქსიმალურად 1-2 თვეში. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საბაბი გახდა და კითხვები გააჩინა. ფაქტი ერთია, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა. შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობის ფასი, მაგრამ სამწუხაროდ გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა",- განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ სახეზეა კომპანიების მიერ ფასების შედარებით უმნიშვნელოდ შემცირება. გარდა ამისა, არაერთგზის დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იმავე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა, რაც პრემიერ-მინისტრის თქმით, კონკურენციის კანონის დარღვევაა. "ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ გრძელდება ამ საკითხის სიღრმისეული კვლევა და მე მინდა, დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს და კანონის ფარგლებში, დავიცავთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.