ირაკლი ღარიბაშვილი: ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის

ლარის კურსის გაუფასურების გამო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, არ არის მოსალოდნელი არც ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. "დოლართან მიმართებაში ბოლოდროინდელი გაუფასურება და ამ ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს არის გამოწვეული მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით. რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური პროცესის ნაწილი, ამიტომ მისი განხილვა აღნიშნული კონტექსტის გარეშე არ იქნება სწორი. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც არის ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მსოფლიოში მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის ფასები. ფასების საშუალოვადიან დინამიკას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მთავრობის სრული მხარდაჭერა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით გავაკეთოთ ყველაფერი", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც მუშაობს კონკრეტულ ღონისძიებებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დამატებით, იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვა, ექსპორტის წახალისება თუ სხვა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით "განსაკუთრებული არაფერი ხდება".  "მე მქონდა შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან. ჩვენ ვიმსჯელეთ ამის თაობაზე. მიმოვიხილეთ რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოში არსებული ვითარება; მოვისმინე განმარტებები, თუ რა გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ეკონომიკაზე, ასევე ჩვენს ვალუტაზე. მინდა, შედარებისთვის რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ვალუტა გაუფასურდა უახლოესი თვეების განმავლობაში დოლარის მიმართ: ისეთი ვალუტა, როგორიცაა უკრაინული გრივნა გაუფასურდა 88 პროცენტით, რუსული რუბლი 83 პროცენტით, ბელორუსული რუბლი - 56 პროცენტით, მოლდოვური ლეი 31 პროცენტით, შვედური კრონა - 30 პროცენტით, ნორვეგიული კრონაც ასევე 30 პროცენტით, პოლონური ზლოტი გაუფასურდა 27 პროცენტით, უნგრული ფორინტი - 24 პროცენტით, ევრო 22 პროცენტით და ა.შ. ქართული ლარი გაუფასურებულია 12 პროცენტით, ამის შემდეგ მოდის გირვანქა სტერლინგი 10 პროცენტით. მაგალითები მოვიყვანე იმისთვის, რომ მოსახლეობას ავუხსნათ - განსაკუთრებული და საგანგაშო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. ეს არის მთელ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.