წელს მსოფლიოს სტიქიური უბედურებები 170 მლრდ დოლარი დაუჯდა

2021 წელს მსოფლიოს სტიქიური უბედურებები 170 მლრდ დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ Christian Aid-ის ანალიტიკოსების კვლევაში წერია, რასაც პორტალი „გორდონი“ ავრცელებს.

მთლიანი ზარალის, თითქმის, მესამედი, ანუ 65 მლრდ დოლარი ქარიშხალ „იდამ“ გამოიწვია, რომელიც აგვისტოს ბოლოს აშშ-ს აღმოსავლეთს დაატყდა თავს. ტროპიკული შტორმის შედეგად გამოწვეულმა მასშტაბურმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 95 ადამიანი იმსხვერპლა, 14 ათასი კი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა.

დასავლეთ ევროპის ივლისის წყალდიდობამ, ზარალის ღირებულების მიხედვით, მეორე ადგილი დაიკავა. წყალდიდობამ გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი დააზარალა. წყალდიდობა, რომელმაც 240 ადამიანი იმსხვერპლა, ადგილობრივ ეკონომიკას 43 მლრდ დოლარი დაუჯდა.

ანტირეიტინგში შემდეგი ტეხასის ზამთრის ქარიშხალია, რომელიც შტატს თებერვალში დაატყდა თავს. ექსტრემალურად დაბალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარბუქმა 210 ადამიანი შეიწირა და 23 მლრდ დოლარის ზარალი მოიტანა.

2021 წლის დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენების სიაში მოხვდა წყალდიდობა ავსტრალიაში, ჩინეთში, სამხრეთ სუდანსა და კანადაში; ტაიფუნები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; გვალვები აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, ასევე, ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთის სითბური ტალღები.

Christian Aid-ის მონაცემებით, მსოფლიოში კლიმატის ცვლილების შედეგად მიყენებულმა ზარალმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 100 მლრდ დოლარს მეექვსედ გადააჭარბა.

ანალიტიკოსები წლევანდელი ზარალის მოცულობას უკავშირებენ იმას, რომ მსოფლიო საზოგადოება გლობალურ დათბობას აქტიურად არ ებრძვის. მკვლევარები მოუწოდებენ მთავრობებს, სასწრაფოდ შეამცირონ სითბური გაზების გამონაბოლქვი და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის ღარიბ ქვეყნებს მეტი ფინანსური დახმარება გაუწიონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ