ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტორებისთვის საინტერესო პაკეტი გვაქვს მომზადებული

ჩვენ გვაქვს საინტერესო პაკეტი მომზადებული ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პაკეტი ქვეყნის ცალკეულ რაიონში ინვესტიციების ჩადების მიზნით ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს. "ჩვენ ამ წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, წარმოების წახალისება, ადგილობრივი წარმოების განვითარება თუ ა.შ. თითოეული რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვაქვს პროექტები. ახლა ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას ბიზნესმენებთან, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან რეგიონებში ინვესტიციების ჩადებით. მთავარია მთავრობამ, კერძო სექტორმა მოახერხოს ის, რომ ერთობლივი ძალისხმევით დავიწყოთ ინვესტიციების ჩადება. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ კერძო ბიზნესს და უკვე გვაქვს კიდეც ძალიან საინტერესო პაკეტი მომზადებული მათთვის. აქტიური კომუნიკაციაა საჭირო ბიზნესმენებთან, რომ მათ შევთავაზოთ კონკრეტული პროექტები რაიონების მიხედვით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ თვეში ელექტრონული ვიზაც ამოქმედდება, რომელიც აღნიშნულს ხელს შეუწყობს. "დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები ტურიზმის მიმართულებითაც. ვგეგმავთ, რომ გაიზარდოს ტურისტების შემოდინება. ელექტრო ვიზები ამოქმედდება ერთ თვეში - მინდა, რომ მომავალი თვის ბოლომდე ელექტრონული ვიზები იყოს გაშვებული. ეს გაამარტივებს ტურისტების შემოსვლას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.