რა ცვლილებები ამოქმედდა 2021 წლის განმავლობაში

მოსახლეობა 2022 წლის შესახვედრად ემზადება. სანამ 2022 წელი დადგება, "ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა ერთგვარი შეჯამების სახით, შეეკრიბა იმ ცვლილებათა თუ სიახლეთა ნაწილი, რაც 2021 წლის განმავლობაში ამოქმედდა საქართველოში.

„მწვანე პასპორტები“

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას ახერხებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

HACCP-ის პრინციპების დანერგვის ვალდებულება

2021 წლიდან საცალო ვაჭრობის პუნქტებში საკვების მწარმოებლებს HACCP-ის პრინციპების დანერგვა უწევთ. კერძოდ, 1-ლი ივნისიდან ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, დაეკისრათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ.

შრომის ინსპექციას უფლებამოსილება გაეზარდა

2021 წლის 1-ლი იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება გაფართოვდა. შრომის ინსპექცია შრომითი უსაფრთხოების გარდა, ამოწმებს შრომის უფლებების დაცვის საკითხს. ამასთან, შრომის ინსპექციას კომპანიებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლის უფლებაც მიენიჭა.

ცვლილებები დეკრეტული შვებულებით სარგებლობის ახალ წესში

2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი“. ახალი წესის მიხედვით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ორ ნაწილად არის გაყოფილი: ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება და ბავშვის მოვლის გამო შვებულება. 1-ლი იანვრიდან ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება, როგორც ბავშვის დედას, ასევე მამასაც შეუძლია.

შეიცვალა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი დღეების რაოდენობაც. დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა, მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება კი - 57 კალენდარული დღის ოდენობით. 1-ლი იანვრიდან დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 1 000 ლარისა.

გაზზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდა

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის 1-ლი დეკემბრიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდა. საუბარია, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. შემდეგ რეგლამენტის ამოქმედება 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა, ახლა კი დეკემბრიდან ამოქმედდა. შესაბამისად, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ, მოუწევთ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა გაზის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტიპის მოწყობილობების რეალიზაცია ვეღარ განხორციელდება.

1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდა და 100 ლარი გახდა

1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდა და 100 ლარი გახდა. ასევე გაიზარდა მოცვა - 100 000 ქულის ნაცვლად 120 000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.

გაზრდილი ტარიფები

2021 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზარდა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები. კერძოდ, „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა. ამასთან, რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდა. კერძოდ, ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა სრულად ასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

მასწავლებელთა ნაწილს ხელფასი გაეზარდა

2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზარდათ.

1-ლი იანვრიდან გაიზარდა პენსიები

2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში პენსიები გაიზარდა. კერძოდ, პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით გაიზარდა და 240 ლარი გახდა, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 25 ლარით და ის განისაზღვრა 275 ლარის ოდენობით.

ახალი მოთხოვნები კლინიკებისთვის

2021 წლის 1-ლი იანვრიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნების/რეგულაციების ამოქმედდა. სექტორისთვის განსაზღვრულია ახალი პირობები, რომელიც დაწესებულებებს ავალდებულებდა ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

რეგულაციები სათამაშოების იმპორტიორებისთვის

2021 წლიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია სათამაშოების იმპორტიორებისთვის, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი ვალდებული გახდა შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.

თაია არდოტელი