ჩინელებმა Mercedes-Benz-ს რეკლამა მოდელის თვალის ჭრილის გამო გააუქმებინეს

Mercedes-Benz-მა ჩინური სოციალური მედიიდან, ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი რეაქციის გამო, სარეკლამო რგოლი ამოიღო. ჩინელ მაყურებელს მოდელის იმიჯი არ მოეწონა. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ჩინეთის პარტიულ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინელმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს მოდელი გოგნას მაკიაჟი, რომელიც მისი თვალის ჭრილს უსვამდა ხაზს. Mercedes-Benz-მა სარეკლამო ვიდეო Weibo-ს ოფიციალურ ანგარიშზე შაბათს გამოაქვეყნა. მოგვიანებით კომპანიას სარეკლამო რგოლის ამოღება საზოგადოების ფართო პროტესტის გამო მოუწია. ვიდეო ჩინურ საინფორმაციო არხებზეც გამოჩნდა, ხოლო მისი სკრინშოტები პრესაში დაიბეჭდა.

„მაკიაჟმა მოდელს თვალები დაუწვრილა და ქსელის მომხმარებლებს შორის მწვავე დებატები გამოიწვია. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს აზიელების მიმართ დასავლურ სტერეოტიპებს ასახავდა,”- წერდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალური გაზეთი, Global Times.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსხვილი ბრენდები, მოდელების თვალის ჭრილის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გაკიცხვის ობიექტები ხდებიან. ნოემბერში ჩინეთის საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა Dior-ის მოდის სახლს იმ მოდელის შერჩევისთვის, რომელიც ჩინური სილამაზის ნორმებს არ შეესაბამებოდა, ანუ არ ჰქონდა თეთრი კანი და დიდი თვალები.

კრიტიკის ერთ-ერთი პირველი სამიზნე 2018 წელს, მოდის სახლი, Dolce & Gabbana გახდა, როცა ბრენდის რეიტინგი ჩინეთში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ეს მოდის სახლის სკანდალური ვიდეოს შემდეგ მოხდა, რომელშიც მოდელი იტალიურ საკვებს ჩინური ჯოხებით მიირთმევდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ