IKEA პროდუქციას 9%-ით აძვირებს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ავეჯის ბრენდი, IKEA ფასებს, საშუალოდ, 9%-ით ზრდის. Reuters კომპანიის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ფასების ზრდის მიზეზად ტრანსპორტირებისა და ნედლეულის მზარდი ხარჯები არის დასახელებული.

IKEA-მ ადრეც განაცხადა, რომ იძულებულია, უფრო მეტი გემი იქირაოს და უფრო მეტი კონტეინერი იყიდოს, ხოლო მიწოდების ჯაჭვის შეფერხების შესამცირებლად საქონელს საწყობებს შორის ატრიალებს. კომპანიამ ხარჯები მომხმარებლებზე გადაანაწილა, რადგან მოელის, რომ „ტურბულენტობა გაგრძელდება“.

„პირველად მას შემდეგ, რაც გაზრდილმა ხარჯებმა გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, ჩვენ ამ გაზრდილი ხარჯების ნაწილი ჩვენს კლიენტებზე უნდა გადავანაწილოთ,” - აცხადებს საცალო ოპერაციების მენეჯერი, ტოლგა ონჯო.

IKEA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია ტრანსპორტირებისა და ნედლეულის მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწყდება, რაც ხარჯების შეუჩერებელ ზრდას იწვევს.

„შეფერხებები უახლოეს მომავალში არ გაჩერდება და 2022 წელსაც კარგა ხნით გაგრძელდება,“ - აცხადებენ კომპანიაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ